სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ივლისის თვის წარმატებული საქმეები

2015-08-11 19:23
Featured image

საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ უკანონოდ გათავისუფლების სანაცვლოდ ხელფასის კომპენსაცია მიიღო

საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ლ.კ-ს, რომელიც შპს „ქართული კვების კომპანიიდან“ გაათავისუფლეს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე. საიას დახმარებით ბენეფიციარმა დაადასტურა რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო და მას არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულბა. მის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიას დაეკისრა ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით.
 
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით მოქალაქეს დევნილის სტატუსი მიენიჭა
 
საიას ზუგდიდის ოფისს, დახმარებისთვის მომართა მოქალაქემ, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, უშედეგოდ ითხოვდა იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სატუსის მინიჭებას.
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მოძიებულ იქნა მტკიცებულებები და მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა სამინისტროს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მომმართველის განმარტებით მას, 2015 წლის 20 ივლისს, სამინისტროს გადაწყვეტილებით  მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
 
 
საიას ქუთაისის ფილიალმა კიდევ ერთი დევნილის უფლება დაიცვა
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ფ.ს.-ს ინტერესებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა 2013 წლის 20 მაისს ხოლო სტატუსი მიენიჭა 2014 წლის 24 იანვარს.
სასამართლოში ფ.ს-ს ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურა, რომ  სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი აქტი არ გამოსცა და მოპასუხეს ფ.ს.-ს სასარგებლოდ დააკისრა 2013 წლის 20 მაისიდან 2014 წლის 24 იანვრამდე მიუღებელი შემწეობის გადახდა.
 

საიას დახმარებით პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა

საიას თბილისის ოფისი იცავდა ,,პარტიზანი მებაღეების“ ერთ-ერთ წევრს, რომელიც ადმინისტრაციული წესით პოლიციამ  მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების საფუძვლით დააჯარიმა. კერძოდ, საქმე შეეხებოდა მეორადი დანიშნულებით საბურავის გამოყენებას მასში ყვავილების დარგვის მიზნით.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა სამართალდარღვევის ოქმი, რადგან არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და პარტიზანი მებაღე გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისაგან. 
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით ბრალდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ
 
საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე იცავდა ბრალდებულების ფ.წ-ის და თ.ბ-ის ინტერესებს, რომელთაც ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 3441-ე და 353-ე და  მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას იურისტის სამართლებრივი მოსაზრებები და ბრალდებულები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას, ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა. გადაწყვეტილება გამართლების ნაწილში უცვლელი დარჩა, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილების თანახმად. 
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით დასაქმებულს შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. ხ-ს ინტერესებს, რომელმაც 2010 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა. ტრავმის გამო მან 60 პროცენტით დაკარგა შრომისუნარიანობა. საქმეში დადგინდა, რომ დამსაქმებლი არ უხდიდა შრომისუუნარო მოსარჩელეს, ყოველთვიურად, ხელფასის ოდენობის გადასახადს, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც საწარმოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო მიადგა მოსარჩელის ჯანმრთელობას. 
ზიანის ანაზღაურების მიზნით, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ, მოპასუხე საწარმოს მოსარჩელე ნ. ხ-ს სასარგებლოდ დააკისრა სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს გადახდა 14 543,28  ლარის ოდენობით.
 
საია დახმარებით რამდენიმე მოქალაქემ დარღვეული საკუთრების უფლების დაცვა შეძლო
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ აღადგინა დაკარგული სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტები და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დაარეგისტრირა. დუშეთის ოფისის ადვოკატის დახმარეთ მოქალაქემ განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ხოლო ქუთაისის ფილიალის და ზუგდიდი ოფისის ადვოკატების დახმარებით მოქალაქეებმა შეძლეს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო მონაცემების შესწორება. 

საიას დახმარებით მოქალაქეები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით რამდენიმე მოქალაქის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები ბათილად იქნა ცნობილი და მოქალაქეებს აღარ მოუწევთ უკანონოდ დარიცხული ჯარიმების გადახდა. 
 
 
საიას ქუთაისის ოფისის დახმარებით მოქალაქემ დამცავი ორდერი მოიპოვა 
 
საიას ადვოკატის დახმარებით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე,  მოძალადეს აეკრძალა ჩვენი ბენეფიციარის - მსხვერპლის მიმართ  სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 თვის ვადით.