სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება აკრძალა

2015-08-01 21:16
Featured image
2015 წლის 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის.“ ეს ნორმა ითვალისწინებდა იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო დაუშვებლად სცნობდა (არ გამოიყენებდა) იმ მტკიცებულებას, რომლიც მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით იყო მოპოვებული. სხვა კანონის, მათ შორის კონსტიტუციის, დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე სასამართლოს შეეძლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა ბრალდებულისათვის. მაგალითად, პოლიციას შეეძლო ,,პოლიციის შესახებ“ კანონის დარღვევით გაეჩერებინა ადამიანი, ამ კანონის დარღვევით ჩაეტარებინა ზედაპირული შემოწმება და აღმოეჩინა ნარკოტიკული საშუალება ან ცეცხლსასროლი იარაღი. ,,პოლიციის შესახებ“ კანონის დარღვევის მიუხედავად, შესაძლებელი იყო ადამიანის ტანსაცმელში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ან ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად ყოფილიყო ცნობილი და, მათ შორის, ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ბრალდებული დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის (კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს) საწინააღმდეგოდ მიიჩნია.
 
საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებაში თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენციას.