სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია დევნილთა უფლებების დასაცავად ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას აჯამებს (2012-2015)

2015-07-01 16:41
Featured image

2015 წლის 30 ივნისს საიამ დაასრულა პროექტი, რომლსაც 2012 წლის 1 მაისიდან ახორციელებდა და მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას. პროექტი დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად:
 
9200 -ზე მეტ დევნილს გაეწია პირადი კონსულტაცია;
350-მდე გასვლითი შეხვედრა განხორციელდა დევნილთა განსახლების სხვადასხვა ადგილას;
გასვლითი შეხვედრებისას სამართლებრივი კონსულტაცია მიიღო 5000-ზე მეტმა დევნილმა;
დევნილებისათვის მომზადდა 1100-მდე სამართლებრივი დოკუმენტი (სარჩელი, განცხადება და ა.შ.);
საადვოკატო დახმარება განხორციელდა 86 საქმეზე;
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 1 სარჩელი;
დევნილებისათვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე ჩატარდა 6 მრგვალი მაგიდა;
გამოიცა საინფორმაციო ხასიათის 6 ბროშურა;
გამოიცა  2 კვლევა.
 
სასამართლო საქმეებიდან 
 
53 საქმე დასრულდა წარმატებით (შეეხებოდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, ფულადი კომპენსაციის გადახდას, ზიანის ანაზღაურებას, დევნილის სტატუსის მინიჭებას და ა.შ.)
13 საქმე ახლაც განხილვის ეტაპზეა;
8 საქმე დასრულდა წარუმატებლად;
12 საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება ბენეფიციარების ინიციატივით.
 
სტრატეგიული სამართალწარმოება
 
ჩართულობა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში
 
წარმატებით დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი საქმე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ“ საქართველოს კანონის დისკრიმინაციული  რეგულაცია. შედეგად, ყველა იმ პირს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ ექცევა ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში, თუმცა რეალურად საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს, შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ დევნილის სტატუსი.
  
პროექტით დაგეგმილ აქტივობებთან ერთად, საია აქტიურად იყო ჩართული და დღესაც განაგრძობს მონაწილეობას დევნილებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. 
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში დევნილთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, კვლავაც არსებობს მთელი რიგი ხარვეზები რაც ჯერ კიდევ უარყოფითად აისახება დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს: 
 
• გაგრძელდეს მუშაობა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად;
 
• უზრუნველყოფილი იყოს პრივატიზაციას დაქვემდებარებულ ობიექტებში მცხოვრები დევნილების დროული ინფორმირება პრივატიზაციის პროცესის, მისი შედეგების და სხვა ალტერნატივების შესახებ;
 
• მოხდეს პრივატიზაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გაანლიზება და შემუშავდეს წინადადებები მომავალში რა მექანიზმების გამოყენებით არის შესაძლებელი არსებული ხარვეზების აღმოფხვრა; 
 
• არსებული გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე გადაიხედოს საცხოვრებელი ფართების განაწილების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა;
 
• სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები წერილობითი გადაწყვეტილებების ადრესატ დევნილებთან გაგზავნის და გასაჩივრების მექანიზმების განმარტებასთან დაკავშირებით.