სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

2015-06-27 11:46
Featured image

ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია თავმჯდომარემ და გიორგი ჩხეიძემ, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელმძღვანელის მოადგილემ, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია 2015 წლის 27 ივნისს 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მართლმსაჯულების სახლში. ანგარიშში შეჯამებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა დანიშვნის, მივლინების, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების და სხვა საკითხებზე 2012-2014 წლებში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ განხორციელებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგი წარსულში მხარდაჭერილი იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება“ (JILEP) მიერ, ხოლო ამჟამად მონიტორინგი ტარდება ახალი პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).  

სამწლიანმა მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:    
საბჭოს საქმიანობის სამწლიანი მონიტრინგის განმავლობაში ცვლილებები შევიდა, დაკონკრეტდა და უფრო ნათელი გახდა საბჭოს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა; გაიზარდა საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ხარისხი; მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით; ასევე გაუმჯობესდა საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრების აქტიურობის ხარისხი სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას.
   
თუმცა, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ერთი მხრივ, გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით და მეორე მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით. კერძოდ:
 
მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, კვლავ არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, მივლინების, დისციპლინური სამართალწარმოების თუ სხვა საკითხებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის შეფასებას. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება. საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის შეფასება არც საბჭოს სხდომის ოქმებით ან სხდომაზე გამართული დისკუსიით იყო შესაძლებელი. აღნიშნული პრობლემა არც საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დამკვიდრებით ყოფილა აღმოფხვრილი;
 
საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკითხის განხილვის ვადები, დაინტერესებული პირების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, საბჭოს წევრის აცილების საკითხი, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მის მიღებამდე საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება. ამ საკითხების პრობლემურობამ არა ერთხელ იჩინა თავი გადაწყვეტილებების მიღებისას;
 
ბუნდოვანია თავად საბჭოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება/არ გამოყენების საკითხი გადაწყვეტილებათა მიღების დროს, რამეთუ საბჭო თავად, ძალიან არაერთგვაროვნად და ბუნდოვნად განმარტავს, მის მიმართ ამ კოდექსის  მოქმედების საკითხს;
 
არ არის განსაზღვრული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და მათ მიმართ სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა;
 
არ არის დარეგულირებული საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი;
 
საბჭოს საქმიანობას დაბალი ინკლუზიურობა ახასიათებდა. საბჭოს მიერ არ გამოიყენებოდა დაინტერესებული პირების თუ საექსპერტო წრეების მონაწილეობით საბჭოს გაფართოებული სხდომების ჩატარების მექანიზმი.
 
მონიტორინგის სამევე ეტაპზე პრობლემად რჩებოდა საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება, რაც საბჭოს საქმიანობის საჯაროობას აზიანებდა და დაინტერესებულ პირებს უზღუდავდა საბჭოს სხდომებზე დასწრების უფლებას;
 
ბუნდოვანი რჩება საბჭოს სხდომის დახურვის წესი. მონიტორინგის სამივე ეტაპზე საბჭო წინასწარ არ აქვეყნებდა საბჭოს სხდომის დახურვის შესახებ ინფორმაციას, გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ მიიღებოდა ერთპიროვნულად საბჭოს თავმჯდომარის მიერ და არა საბჭოს მიერ კოლეგიურად.
 
პრობლემურად რჩებოდა საბჭოს სხდომების მასმედიის საშუალებით გაშუქების საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ განახორციელონ მხოლოდ სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა, მაშინ როცა ზოგადად კანონმდებლობით კოლეგიური ორგანოების სხდომების ვიდეო-აუდიო ჩაწერა არ არის შეზღუდული;
 
დაფიქსირდა შემთხვევები როცა საბჭომ არ გასცა გარკვეული საჯარო ინფორმაცია.  
 
მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.
 
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.                          

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.