სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები

2015-06-09 10:48
Featured image

 საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით  მოქალაქე  სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო  

მოქალაქე ც.გ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  მეხუთე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული  დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად,  ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშაში, ც.გ.-მ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოძრაობისას, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ტ. ჩ.-ს. სასამართლომ  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც.გ. ვერ შეძლებდა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო  გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი და სასამართლომ  ც.გ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი  გამოიტანა.
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
 
უზენაესმა სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი ლ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რომლიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იყო დამნაშავედ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. პროკურატურის მტკიცებით, ლ.მ.-მ 2012 წლის 12 სექტემბერს 112-ზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია ჰქონდა, საქმე 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადააკვალიფიცირა და ლ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
 
 
საიას დახმარებით მოქალაქეები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ
 
• საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა მოქალაქე ზ.შ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა იმ პირისათვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემისთვის, ვისაც არ გააჩნდა მართვის უფლება და დააჯარიმა 700 ლარით. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ზ.ს-მ ადმინისტრაციული ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ჯარიმის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება.
 
• საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე  თ.ჯ–ს ინტერესებს,  რომელიც სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო,  1 000 ლარით დაჯარიმდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თ.ჯ.–ს მიერ ჩადენილი იყო მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. სასამართლოს დადგენილებით  ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.
 
• საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა გ.ნ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ოქმი შეუდგინა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე ტარებისათვის და დააჯარიმა 500 ლარით. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით,  ნ.მ-მ ადმინისტრაციული ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ.ნ-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
 
საიას დახმარებით კიდევ ერთი უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქე აღდგა თანამდებობაზე
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ი.ა.-ს ინტერესებს, რომელიც ა(ა)იპ ქ. ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 9 იანვრის ბრძანებით გათავისუფლდა სოფ. დიმის #2 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ი.ა.-ს  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და ა(ა)იპ ქ. ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას მოსარჩელის  სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 288 ლარის ოდენობით.
 
საიამ კიდევ ერთი მოქალაქის შრომის უფლება დაიცვა
 
საიას თელავის ოფისი სასამართლოში იცავდა ო.მ-ს ინტერესებს, რომელიც მუშაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს  სპეციალისტად და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის  ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ო.მ-ს გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მის მიერ  სამსახურებრივი მოვალეობის ვითომდა სისტემატური შეუსრულებლობა. სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა  ო.მ-ს უკანონო გათავისუფლება, ასევე დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. 
 
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქე უძრავი ქონების მესაკუთრედ იქნა ცნობილი
 
საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე  ქ.ხ-ს ინტერესებს, რომელმაც 1994 წელს ქ.ბათუმში შეიძინა საცხოვრებელი ბინა, თუმცა, ობიექტური გარემოებების გამო, ვერ მოახერხა მისი საკუთრებაში რეგისტრაცია. საიას დახმარებით მან სარჩელით მიმართა სასამართლოს საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ქ.ხ-ს სარჩელი და ის ცნობილი იქნა აღნიშნული  უძრავი ქონების მესაკუთრედ. 
 
 
საიას დახმარებით მოძალადეებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ
 
2015 წლის მაისის თვეში სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის სამი მსხვერპლის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მათ ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალისა და რუსთავის ოფისის ადვოკატები იცავდნენ. სასამართლო პროცესზე დადასტურდა მეუღლეთა მხრიდან ძალადობის ფაქტები და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლის მიმართ  სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი 6 თვის ვადით გამოიცა.
 

საიას თბილისის ოფისის დახმარებით ცხინვალის ციხეში მყოფ პირს დევნილის სტატუსი აღუდგა და აუნაზღაურდა სტატუსის შეწყვეტით მიყენებული ზიანი
 
საია იცავდა ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირს ჯ.მ.-ს, რომელსაც საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილის სტატუსი შეუწყვიტა. სტატუსის შეწყვეტის საფუძვლად  სამინისტრო დევნილთა რეგისტრაციის გაუვლელობას ასახელებდა. აღსანიშნავია, რომ დევნილთა რეგისტრაციის პერიოდში ჯ.მ. ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა და მოკლებული იყო შესაძლებლობას გაევლო რეგისტრაცია. საიამ ჯ.მ.-ს სახელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა და სტატუსის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდგომ, სამინისტრომ ჯ.მ.-ს აღუდგინა უკანონოდ შეწყვეტილი სტატუსი.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დაევალა ჯ.მ-სათვის სტატუსის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით არასრულწლოვნის სასარგებლოდ მშობელს დაეკისრა ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება
 
საია იცავდა არასრულწლოვანი ნ.ლ.-ს ინტერესებს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მუდმივად ესაჭიროება მკურნალობა. ბავშვის მამა არ ზრუნავდა მასზე და ოჯახის ერთადერთ შემოსავალს პენსია წარმოადგენდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მამას დაეკისრა შვილისათვის ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, ასევე მოხდა მშობლის უფლების შეზღუდვა.