სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე ზ.ჯაყელის მიმართ სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევა აღიარა

2015-06-08 13:32
Featured image

2010 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნის-ზ.ჯაყელის სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 12 მაისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 4 ივნისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები ასეთია: მომჩივანს დანაშაულის ჩადენის დროს გააჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. წინასწარი გამოძიების განმავლობაში ის არ იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი ექვემდებარებოდა სავალდებულო წესით დაცვას როგორც საქართველოს კანონმდებლობის (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის I-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 1998 წლის 20 თებერვლის მოქმედი რედაქცია), ასევე ევროპული კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია  ევროპული სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) შემდეგი ქვეპუნქტების დარღვევა:  1-ლი ნაწილი ( უფლება დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე), მე-3 ნაწილის (c)  (უფლება უფასოდ ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები) და (d) (უფლება თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში)  ქვეპუნქტები.
 
2014 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ  მთავრობას კონვენციის მე-6 (1) და მე-6 (3)  (c) მუხლთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ შეატყობინა. 2015 წლის 27 თებერვალს მთავრობამ მორიგების პირობები წარადგინა, რომელსაც მომჩივანი დათანხმდა.
 
ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს მთავრობამ წარდგენილი მორიგების პირობების თანახმად აღიარა ჯაყელის მიმართ კონვენციის მე-6 (3)  (c) მუხლის დარღვევა, ვინაიდან   სახელმწიფომ ის არ უზრუნველყო სავალდებულო იურიდიული მომსახურებით მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე. სახელმწიფომ მომჩივნის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც იკისრა.
 
ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს. საია, როგორც მომჩივნის წარმომადგენელი, განჩინების აღსრულებას აქტიურად დააკვირდება.
 
საია 2006 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მიმდინარე წელს  საიას სასამართლოში  3 საჩივრი აქვს წარდგენილი.