სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით

2015-05-05 12:13
Featured image

წარმოგიდგენთ, კოალიციის სამართლებრივ ანალიზს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. 

დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს კოალიციის მხოლოდ პირველად მოსაზრებებს და ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ინიციატორებს დამატებით მივაწოდოთ მოსაზრებები.  
 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
კანონპროექტი შეეხება მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა განხორციელებასაც კოალიცია აქტიურად უჭერდა მხარს გასული პერიოდის განმავლობაში. გვსურს აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტით გაუმჯობესებულია რიგი საკითხებისა, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის პროცედურა, მოსამართლეთა მივლინების წესი, მოსამართლედ განმწესებამდე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცედურა, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები, კონკურსის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და სხვა საკითხები.
 
თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ნაწილი კოალიციის მოსაზრებით საჭიროებს დამატებით დამუშავებას, რაზეც ქვემოთ კონკრეტულ შეფასებებს წარმოგიდგენთ. 
 
1. თავმჯდომარეთა არჩევა
 
კანონპროექტში მოცემულია სასამართლოთა თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების არჩევის შესაძლებლობა თავად სასამართლოს მოსამართლეთა მიერ, თუმცა ამავდროულად კანონპროექტი განსხვავებულ წესს ადგენს სასამართლოთა პალატა/კოლეგიების თავმჯდომარეთა მიმართ. გაურკვეველია, რამ განაპირობა პალატა/კოლეგიის თავმჯდომარეთა არჩევის განსხვავებული მიდგომის დაწესება.  
 
2. საქმის განხილვის დავალება
 
30-ე მუხლის მე-5 ნაწილში დასაზუსტებელია კონკრეტული საქმის განხილვის დავალება იმავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ კოლეგიაში რა საფუძვლებით შეიძლება მოხდეს. გასათვალისწინებელია ის რისკები, რაც მოსამართლისთვის განსხვავებული სპეციალიზაციის საქმის განხილვას უკავშირდება. ამგვარი პრაქტიკა გასული წლების განმავლობაში მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხზე აისახებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საფუძველიც გამხდარა. ასევე უნდა დადგინდეს წარმოდგენილი ნორმა მოსამართლეს სხვა შემადგენლობაში კონკრეტული საქმის განხილვის ვალდებულებამ დაკისრების შესაძლებლობას იძლევა თუ საუბარია ზოგადად რამდენიმე საქმის განხილვაზე.
 
კოალიციას მიაჩნია, რომ კონკრეტული საქმის განხილვის დავალდებულება კონკრეტულ რისკებთან არის დაკავშირებული და ამავდროულად იგი იძლევა საქმეთა განაწილების წესის გვერდის ავლით მოსამართლისთვის კონკრეტული საქმის განხილვის უფლების გადაცემის შესაძლებლობას.  
 
3. კონკურსის გამოცხადება
 
კოალიციას მიაჩნია, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი მიზანშეწონილია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს გარდა გამოქვეყნდეს იუსტიციის საბჭოს ვებ გვერდზეც. კონკურსის გამოცხადებისას მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენის ვადა 30 კალენდარულ დღეს უნდა შეადგენს. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომელიც კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინონ. მიგვაჩნია, რომ 10 კალენდარული დღის ვადა არ წარმოადგენს ადექვატურ დროს ასეთი დიდი რაოდენობით დოკუმენტების წარსადგენად. 
 
ამასთანავე კოალიციას მიაჩნია, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნა უნდა წარმოებდეს ქულათა სისტემაზე დაფუძნებული შეფასებით. შეფასების პროცესი უნდა იყოს ღია და შესაბამისად ცნობილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ განხორციელებული შეფასების შედეგები. 
 
4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩჲვრება
 
კოალიციას მიაჩნია, რომ მეტ სიცხადეს საჭიროებს შემდეგი პუნქტი “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა (წევრებმა) გადაამეტა (გადაამეტეს) მისთვის (მათთვის) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას”. იგი ზოგადი და ბუნდოვანია, ასევე გაურკვეველია თუ რა იგულისხმება საბჭოს წევრისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებაში. მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს თუ რა შემთხვევები იგულისხმება აღნიშნულ ნორმაში. 
 
5. მოსამართლის კონკურსის გარეშე გადანიშვნის წესი 
 
პირველი პუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის კონკურსის გარეშე შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დანიშვნას. კოალიციას მიაჩნია, რომ უმჯობესია წარმოდგენილ ნორმაში დარეგულირებული იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სხვა სასამართლოში გადასვლის სურვილი რამდენიმე მოსამართლეს გაუჩნდება. 
 
6. დაწინაურება
 
მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები უმჯობესია პირდაპირ კანონში იქნას გათვალისწინებული. 
 
ამასთან კოალიციას მიაჩნია, რომ სისტემაში უნდა დაინერგოს  კარიერული პრინციპი და სააპელაციო სასამართლოში დაინიშნონ მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც მინიმუმ 5 წელი მაინც ახორციელებდა მოსამართლის უფლებამოსილებას პირველი ინსტანციის სასამართლოში.
 
7. საქმეთა განაწილება
 
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ინიციატივებს საქმეთა განაწილების მიმართულებით. კანონპროექტით, მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით.
 
საქმეთა განაწილების პროცესში სუბიექტური გადაწყვეტილებების გამორიცხვა და სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა პირთა ხელოვნური ზეგავლენის შემცირება აუცილებელია. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით საქმეთა განაწილების წესის დამკვიდრება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ელექტრონული პროცესი ვერ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც დიდ სასამართლოებში საქმეთა განაწილებას უკავშირდება.
 
პირველ რიგში, საჭიროა, რომ ელექტორნული პროგრამა საქმეებს რიგითობის წესის ნაცვლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ანაწილებდეს, იმისათვის, რომ გამოირიცხოს რიგითობის კონტროლი და შესაბამისად, მისი მეშვეობით მანიპულირება. 
გარდა ამისა, პრობლემის რეალური მასშტაბის და საჭიროებების გააზრებისთვის, საჭიროა, რომ ელექტრონული პროგრამის შემოღებასთან ერთად გადაიხედოს მსხვილ სასამართლოებში, სისხლის სამართლის მოსამართლეთა დანაწილების პრაქტიკა სხვადასხვა თემატურ თუ პროცესუალურ ჯგუფებში (მაგალითად, აღკვეთის ღონისძიებების განმხილველი მოსამართლეების ჯგუფი, საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლეების ჯგუფი და სხვა). დღეს, სასამართლოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მოსამართლეები შეიძლება გადანაწილდნენ ზემოთხსენებულ ჯგუფებში, რომელთა არსებობაც თავის მხრივ, კანონიერების მხრივ საფუძვლიან შეფასებას მოითხოვს.
 
ამგვარ ჯგუფებში მოსამართლეთა გადანაწილების შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ელექტორნული პროგრამის ამოქმედების პირობებშიც კი, მას რეალური გავლენა სიტუაციაზე არ ექნება, ვინაიდან პროგრამა აღკვეთის ღონისძიების საქმის განხილვას გაანაწილებს იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების საქმეთა ჯგუფში თავმჯდომარე გაანაწილებს. 
ინტერესის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მსგავსი შესაძლებლობა პროცესებზე მანიპულირების ბერკეტი გახდეს და აზრი დაუკარგოს საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპს.
  
8. თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და აპარატის მოსამსახურეთა გადანიშვნა
 
კანონპროექტის თანახმად მისი ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოს მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოქმედი მოსამსახურეების თანამდებობაზე გადანიშვნა. გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება „გადანიშვნაში“ და რა წესები ვრცელდება აღნიშნული პროცესის მიმართ. თუ გადანიშვნა საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი დანიშვნის წესებს გულისხმობს, არსებობს რისკები, რომ პროცესი შეიძლება გამოყენებული იყოს სასამართლო სისტემაში დასაქმებული პირების თვითნებურად სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მიკერძოებული და არასათანადო მოტივების საფუძველზე.  ამით კი გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს სისტემაში დასაქმებული (არამოსამართლე) პერსონალის სტაბილურობას.
 
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას. ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია მოქმედმა თავმჯდომარეებმა ამოწურონ საკუთარი უფლებამოსილების ვადა და მსგავსი ცვლილებით არ შეიქმნას ფართომასშტაბიანი ცვლილებების საფუძველი სასამართლოების მენეჯმენტში. კოალიცია მხარს უჭერს აღნიშნულ რეკომენდაციას და ასევე მოუწოდებს კანონპროექტის ავტორებს ამოიღონ კანონპროექტიდან მსგავსი შესაძლებლობა. კოალიციისთვის ბუნდოვანია რა კრიტიკული საჭიროება განაპირობებს სასამართლოს თავმჯდომარეთა ერთდროულ, ფართომასშტაბიან გათავისუფლებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, კოალიციას მსგავსი არასტაბილური გარემოს შექმნა სასამართლო ხელისუფლების ინტერესებისთვის დამაზიანებლად მიაჩნია.     
 
 
“იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი
 
კოალიცია მიესალმება “იუსტიციის უმაღლესი სკოლის” შესახებ კანონში ცალკეული პროგრესული სიახლეების ინიცირებას, რომელიც გააუმჯობესებს სკოლის ფუნქციონირებას და სკოლასა და საბჭოს შორის უფლებამოსილებათა გონივრულ გადანაწილებას. მისასალმებელია ის პროცედურული სიახლეები, რომელიც შეეხება დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაციისა და დღის წესრიგის, ისევე როგორც სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, გარკვეული დროით ადრე, დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხის და ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებას და სხვა. კოალიციას ასევე გააჩნია მოსაზრება, რომ ცვლილებებათა ნაწილი საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი.
 
1. სკოლაში მსმენელთა მიღება
 
კოალიცია მხარს უჭერს და მიესალმება იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციების გამიჯვნას მსმენელთა შერჩევისა და მიღების პროცესში. კოალიცია ყოველთვის უთითებდა, რომ საბჭოს კომპეტენციები არასწორად იყო გაფართოებული და არაგონივრულად ითავსებდა სკოლის ფუნქციებსაც მსმენელთა შერჩევის პროცესში.
 
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი მოსამართლედ გამწესების სისტემა გულისხმობს ორ ალტერნატიულ გზას და რამდენიმე სავალდებულო საფეხურს, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოების როლი ნათლად იყოს განსაზღვრული. სკოლის როლის გაძლიერება მსმენელთა მიღების ეტაპზე და საბჭოს მონაწილეობის გამორიცხვა ამ პროცესიდან მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს პროცესს და გაზრდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის ეტაპის მნიშვნელობას. ეს ეტაპი აზრს მოკლებული იყო იმ პირობებში, როდესაც საბჭოს წევრებს მოსამართლედ პირის გამწესების შესახებ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებული ჰქონდათ პირის მსმენელად სკოლაში ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისას.
 
ამ პირობებში, უთანასწორო და დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებოდნენ იმ ნაკადის წარმომადგენლები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სკოლაში სწავლისგან. ვფიქრობთ, რომ სკოლასა და საბჭოს შორის ფუნქციათა ასეთი გამიჯვნა უფრო სამართლიანს და ობიექტურს გახდის პროცესს და დააბრუნებს ორგანოებს შესაბამის მანდატში.
 
მიუხედავად ფუნქციათა გამიჯვნის მნიშვნელობისა, საჭიროა სწორად დარეგულირდეს საბჭოსა და სკოლას შორის კომუნიკაციის საკითხი. კანონპროექტის მიხედვით “სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.” სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის და შესაბამისად საჭიროებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაა. ამდენად, სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობის განსაზღვრის დროს საჭიროა გათვალისწინებული იყოს საბჭოს წინადადება მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის შესახებ, ისევე როგორც სკოლის ფაქტობრივი რესურსები და შესაძლებლობა.
 
2. მნიშვნელოვანი საკითხების წესდებით დარეგულირება
 
წარმოდგენილი კანონპროექტის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს მნიშვნელოვანი საკითხების სკოლის წესდებით დარეგულირების მცდელობა. პროექტის მიხედვით, “სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაციის წესი, იუსტიციის მსმენელად შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით” მოქმედი სისტემის ერთ-ერთ უარყოფით ფაქტორს სწორედ კანონში პრინციპულად მნიშვნელოვანი თემების რეგულირების არაარსებობა წარმოადგენს. სკოლის წესდებაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადატანა როგორიცაა მსმენელთა მიღების პროცედურა, ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები ნიშნავს აღნიშნული საკითხების მნიშვნელობის დაკნინებას და არამყარი სამართლებრივი აქტით რეგულირების მცდელობას, რაც გაუმართლებელია.
 
იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირება გადანდობილია სკოლის წესდებაზე, მისი გადამუშავებული ვარიანტი კი ხელმისაწვდომი არ არის, შეუძლებელია მსმენელთა მიღების პროცესთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება. კოალიცია მოუწოდებს კანონპროექტის ავტორებს შეცვალონ შერჩეული მიდგომა და პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე მოახდინონ, რათა არსებობდეს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის, დისკუსიისა და აზრის გამოთქმის სათანადო ფორმატი, რის შესაძლებლობასაც სკოლის წესდებით საკითხის დარეგულირება არ იძლევა.
 
საჭიროა, მსმენელთა მიღების პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვის მიზნით კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინონ ისეთი პრინციპული საკითხები როგორიცაა დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, რაც ვფიქრობთ, რომ ქულებზე დაფუძნებული სისტემით მიიღწევა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან დამოუკიდებელი საბჭოს გასაუბრება ჩატარდეს წინასწარ მომზადებული სტანდარტული კითხვარით, დამოუკიდებელი საბჭოს წევრებმა კი კანდიდატურების შეფასება განახორციელონ ინდივიდუალურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ქულების მეშვეობით. სხვა მხრივ, მსმენელთა მიღების პროცესში ობიექტურობისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის უზრუნველყოფა არსებითად რთულია.
 
3. საპრეტენზიო კომისია
 
მსმენელთა კონკურსის შედეგების გასაჩივრების საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტა ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს მოქმედი სისტემისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს მსგავსი მექანიზმის შექმნის საკითხზე.
 
საპრეტენზიო კომისიის შექმნის ინიციატივა საყურადღებოა, თუმცა, პირველ რიგში, სწორ გააზრებას საჭიროებს სასამართლოს გზით, კერძოდ, ადმინისტრაციული წესით, კონკურსის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია შეფასდეს რატომ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა საკმარის სამართლებრივ საშუალებას და რატომ არის საჭირო დამატებითი ერთეულის შექმნა სასამართლო სისტემაში.
 
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტში ბუნდოვანია თავად კომისიის შექმნის საკითხიც. ნათლად ვერ დგინდება საპრეტენზიო კომისიის ადგილი, კერძოდ, იქმნება ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ სკოლაში. ამ შემთხვევაშიც, საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობისა და რაოდენობის საკითხის გადაწყვეტის სრულად გადანდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გაუმართლებელია. კანონპროექტიდან არ ჩანს ვისგან შეიძლება დაკომპლექტდეს საპრეტენზიო კომისია, შეიძლება თუ არა მის შემადგენლობაში შევიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა გარეშე პირები, როგორ შეირჩევიან და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კომისიის წევრები და სხვა. ვფიქრობთ, რომ ასეთი მნიშვნელობის საკითხის მოწესრიგება კანონშივე უნდა იყოს მოცემული.
 
რაც შეეხება პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებს, კანონპროექტში არ ჩანს რა შემთხვევაში და რა საფუძვლით შეიძლება კონკურსში მონაწილე პირმა მიმართოს საპრეტენზიო კომისიას და გაასაჩივროს კონკურსთან დაკავშირებული საკითხი. კანონპროექტის შესაბამის მუხლში მითითებულია, რომ კომისია იქმნება პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით. ეს ნიშნავს იმასაც, რომ საპრეტენზიო საბჭოში შეიძლება გასაჩივრდეს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილება ერთი კონკურსანტის მიღების და მეორესთვის გარკვეული საფუძვლებით უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ბუნდოვანია, როგორ უნდა შეაფასოს კომისიამ საკითხი და როგორ უნდა გამოიკვლიოს რამდენად სამართლიანად და კანონიერად გააკეთა კონკურსანტებს შორის არჩევანი დამოუკიდებელმა საბჭომ.
 
გასაჩივრების მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ მოსამართლეობის მსურველთა უმეტესი ნაწილისთვის, სკოლაში ჩარიცხვა სასამართლო სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზაა. ამდენად, ამ გზაზე უსამართლო დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში, პირს ფაქტობრივად ერთმევა საშუალება დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. ამდენად, მნიშვნელოვანია არსებობდეს დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედების მაკონტროლებელი ორგანო. თუმცა, კოალიციას მიაჩნია, რომ ამგვარ ორგანოს სასამართლო წარმოადგენს. რაც შეეხება გასაჩივრების უფლების მოცულობას, კონკურსის ბუნებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ პროცედურული და არა შინაარსობრივი საკითხები, მათ შორის, შეესაბამებოდა თუ არა რომელიმე კანდიდატი სხვაზე მეტად დადგენილ კრიტერიუმებს.
 
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში მოსამართლედ გამწესებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების შეცვლის შემდგომ, მნიშვნელოვანია შეიცვალოს მსმენელების კონკურსში მონაწილეობის პირობებიც. რესურსის ეფექტური და გონივრული ხარჯვის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა, რომ სკოლაში მოთხოვნებს, რომელიც წაეყენებათ მსმენელობის მსურველებს დაემატოს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობა, ასევე ასაკი გაიზარდოს 28 წლამდე. 
 
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით
 
კანონპროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე არაერთ სიახლეს შეიცავს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესისა და პროცედურების დახვეწის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ არაერთ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა მაგალითად, სამართალწარმოების დაწყების ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოდ იუსტიციის საბჭოს განსაზღვრა, საბჭოს მიერ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის უფლებამოსილების გაუქმება, მოსამართლეთა დაცვის პროცესუალური გარანტიების შემოტანა, და სხვ. ცვლილებები ეხმიანება კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიერ 2014 წელს მომზადებული კვლევის რეკომენდაციებს,  რომლებიც თავის მხრივ ეყდრნობა საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგი პრაქტიკის მაგალითებს. აღნიშნული დადებით შეფასებას იმსახურებს.
 
თუმცა, კანონპროექტში ღიად რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა მოგვარება რეფორმის მიმდინარე ეტაპზე აუცილებლად მიგვაჩნია, კერძოდ:
 
1. მოქმედი კანონის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ხარვეზს წარმოდგენს მე-2 მუხლი
 
დისციპლინური გადაცდომის სახეები, რომელიც ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული და არ აკმაყოფილებს კანონის სიცხადისა და განჭვრეტადობის ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. კოალიციის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან გამოიკვეთა, რომ მათ არ აქვთ 
ნათელი წარმოდგენა, რა საფუძვლით შეიძლება დაეკისროთ დისციპლინური 
პასუხისმგებლობა; 
საკანონმდებლო დონეზე დადგენილი არ არის დისციპლინური გადაცდომის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლის, ზოგადი დეფინიცია. ასევე, არ არის მოცემული დისციპლინური გადაცდომის კონკრეტული სახეების განმარტებე-ბი/დეფინიციები; კანონი არ განსაზღვრავს იმ ქმედებათა ჩამონათვლას, რისთვისაც მოსამართლეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, ასეთია მაგალითად სამართლებრივი შეცდომა, რაც სადისციპლინო კოლეგიის განმარტებით, გადაცდომისგან განსხვავდება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორისაა: შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, მისი ხარისხი, განმეორებითი და არაერთგზისი ხასიათი, მოსამართლის კეთილსინდისიერება და მოტივი.  ვინაიდან კანონში მოცემული არ არის დისციპლინური გადაცდომის სახეების განმარტება, შესაძლებელია მოსამართლეთა ერთგვაროვანი ქმედებები დისციპლინური ორგანოების მხრიდან განსხვავებულად იქნას შეფასებული, რაც ხელს შეუშლის განჭვრეტადი სამართლებრივი სივრცის შექმნას;
 
კოალიციამ დადებითად შეაფასა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებიდან „კანონის უხეში დარღვევის“ ამოღება ჯერ კიდევ 2012 წელს; თუმცა, დღემდე რჩება შესაძებლობა, რომ ქმედება, რომელიც ფასდებოდა კანონის უხეშ დარღვევად, დღეს მოსამართლის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების განმარტებაში მოექცეს. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ფაქტობრივად არ შემცირებულა სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევის რისკი; 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც “კანონის უხეში დარღვევა”   ამოღებულ იქნა გადაცდომის სახეებიდან, კვლევის მომზადების დრომდე (2014 წლის აპრილი) სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრული უმრავლესობა (6 გადაწყვეტილებიდან 5 საქმე) შეეხებოდა უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებას;
  
ვფიქრობთ, აუცილებელია კანონპროექტმა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული საკითხები და კანონის რეფორმირების მიმდინარე პროცესში მოხდეს მათი გადაწყვეტა. ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, თითოეული დისციპლინური გადაცდომის დეფინიცია განსაზღვროს კანონმა.
 
2. არსებობს გარკვეული გაორება კანონის მე-2 მუხლში ჩამოთვლილ დისციპლინურ გადაცდომის სახეებსა და კანონის სხვა მუხლებს, მოსამართლეთა ეთიკის კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსს შორის.
 
მაგალითად, ბუნდოვანია  თუ რა იგულისხმება „ისეთ კორუფციულ სამართალდარღვევაში, რომელიც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“,   რაც ერთ-ერთ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს, იმ პირობებში, როდესაც სსკ-ის 338-ე მუხლი კორუფციული დანაშაულის ყველა ზოგად ნიშანს მოიცავს.
 
დისციპლინური გადაცდომის ცალკეული სახეები (მაგალითად, მოსამართლისთვის შეუფერებელი ქმედება), ერთი მხრივ, წარმოადგენს კანონში არსებულ გადაცდომის დამოუკიდებელ სახეს, მეორე მხრივ კი, ეთიკის კოდესში არსებულ ნორმებს. ეთიკის კოდექსის დარღვევა. კანონის მიხედვით, თავის მხრივ, დამოუკიდებელი გადაცდომაა; 
მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ერთი მხრივ წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის სახეს, მეორე მხრივ კი, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ავტომატურ საფუძველს. 
ამასთან, დასარეგულირებელია კანონისა და ეთიკის კოდექსის ურთიერთმიმართება, რაც მოქმედ რედაქციაში ბუნდოვანი თემაა და არც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ მიმართულებით საკითხის გადაწყვეტას. ვფიქრობთ, კანონში უნდა გაჩნდეს მითითება ეთიკის კოდექსის იმ კონკრეტულ ნორმებზე, რომელთა დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა. კანონსა და ეთიკის კოდექსს შორის დუბლირების შემთხვევაში, გადაცდომები უნდა დარჩეს ეთიკის კოდექსში.
 
3. მისასალმებელია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით იზრდება მოსამართლეთა უფლებების დაცვის პროცესუალური გარანტიები, თუმცა სასურველია, ამ გარანტიებს დაემატოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი გარანტიებიც, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, დისციპლინური საქმის მასალებზე წვდომა, ადეკვატური დრო პოზიციის მოსამზადებლად, უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე. უმჯობესი იქნება, კანონპროექტით ასევე განისზღვროს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულება დაშტრიხული სახით, როგორც ეს შეწყვეტის გადაწყვეტილებაზეა განსაზღვრული;