სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მშრომელთა საერთაშორისო დღეს საია მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია

2015-05-01 16:07
Featured image
1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომის უფლება, რომელიც ასევე მოიცავს უფლებას შრომის უსაფრთხო და სათანადო პირობებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ასევე საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებებით.1
 
თუმცა, დღეისათვის შრომითი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2014 -2015 წლების განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საიას არაერთმა მოქალაქემ მომართა. მომართვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა  სამსახურიდან გათავისუფლების, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, კომპენსაციის გაცემის, იძულებითი განაცდურის საკითხებს. პრობლემურ საკითხად რჩება დისკრიმინაცია, მათ შორის გენდერული ნიშნით, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე სახელშეკრულებო პერიოდში.
 
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არჩევნების შემდგომ, ჩატარებული საჯარო მოხელეთა ატესტაცია და კონკურსები.  აღნიშნულ პროცესთან  დაკავშირებული დარღვევების თაობაზე საიას არაერთმა პირმა მიმართა, რომლებიც მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე აქტიურად საუბრობდნენ. ატესტაცია/კონკურსის ხარვეზები საიას პირველადი შეფასებითაც გამოვლინდა.  ამასთან, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლება  დაწესებულების რეორგანიზაციის საფუძვლით ხდებოდა, თუმცა რეალურ რეორგანიზაციას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ, ფორმალურად, თანამდებობათა დასახელების ცვლილება ხდებოდა გათავისუფლების საფუძველი.
 
დასაქმებულთა უფლებების დაცვას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  2014 წლის 1 მაისიდან დღემდე შრომით უფლებებთან დაკავშირებით საიას მიერ კონსულტაცია გაეწია 2638 პირს, მომზადებულ იქნა 241 სამართლებრივი დოკუმენტი. თუმცა, მხოლოდ სამართალწარმოების გზით შეუძლებელია აღნიშნული უფლებების დაცვა და დასაქმებულთა უფლებების პატივისცემის კულტურის დანერგვა ქვეყანაში.
 
საიას პრაქტიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა მხრიდან, სამსახურის დაკარგვის შიშით,  მათი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე უარის თქმა. დასაქმებულები არათუ ვერ გამოთქვამენ პროტესტს შრომის არასათანადო პირობებთან დაკავშირებით, არამედ არის შემთხვევები, როდესაც საწარმოო ტრავმის  შემთხვევაში დაწესებულების/ორგანიზაციის ადმინისტრაცია სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აიძულებენ დასაქმებულს განაცხადოს, რომ ტრავმა საწარმოში არ მიუღიათ. სწორედ ამ და სხვა მსგავსი დარღვევების არსებობის გამო. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არსებობდეს სათანადო სახელმწიფოებრივი კონტროლის მექანიზმი - შრომის ინსპექცია, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები და მათ მიეცეთ სათანადო პირობებში მუშაობის შესაძლებლობა.
 
აღნიშნული მექანიზმის შექმნის მიზნით, 2015 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა მთავრობის #38 დადგენილება, რომლითაც  იქმნება „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“.
 
თუმცა ვფიქრობთ, შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - წარმოდგენილი  ფორმით ვერ იქნება ეფექტური და ვერ შეასრულებს სახელმწიფოს ვალდებულებას - უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები და დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის პირობების მონიტორინგს, რომლებმაც წინასწარი წერილობითი თანხმობა განაცხადეს; ამასთან, პროგრამა გულისხმობს დამსაქმებლების წინასწარ ინფორმირებას მონიტორინგის თაობაზე.
 
საია გააგრძელებს მოქალაქეთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას მათი შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით; ასევე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას  და მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი ქმედითი მექანიზმის შემუშავებასა და  კანონმდებლობის დახვეწაში. 
 

მაგალითად, 2014 წელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სათანადო კონვენციებით გათვალისწინებული საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტების შიდა კანონმდებლობაში ასახვის და მათი რეალური განხორციელების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იყოს შრომის ღირსეული პირობები დასაქმებულთათვის.