სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მარტის თვის წარმატებული საქმეები

2015-04-06 11:41
Featured image

საიას დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან

საიას ოზურგეთის ოფისის იურისტის დახმარებით ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე რ.ც. გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. 2015 წლის 3 იანვარს რ.ც.-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმ საფუძვლით, რომ ის სატრანსპორტო საშუალებას მართავდა იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება (2014 წლის ოქტომბერში დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის გადაუხდელობის გამო). თუმცა,  რ.ც. მართვის უფლების შეჩერების თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ფიქსირდებოდა, რომ მას დროულად ჰქონდა გადახდილი ჯარიმა.
 
სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას მოქალაქისთვის უნდა ეცნობებინა თითოეული მართვის უფლების შეჩერების თაობაზე და ისე არ მოეხდინა უფლების შეჩერება.  შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რ.ც.-ს საჩივარი და ის გაათავისუფლა  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით სასამართლომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უკანონო გადაწყვეტილება გააუქმა
 
საიას აჭარის ფილიალი დახმარებას უწევდა მოქალაქე დ.დ-ს, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2009 წელს ისე გაუუქმა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომ არ მომხდარა მისი ინფორმირება ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მოქალაქე დ.დ-მ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ  შეიტყო ხუთი წლის დაგვიანებით. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით,  დ.დ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ, იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთოვნით, რითაც გაუქმდა მისი საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით დ.დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გაუქმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კომისიის გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
 
 
საიას დახმარებით უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქეები სამუშაოზე აღადგინეს
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ზ. პ.-სა და ნ.მ.-ს ინტერესებს, რომლებიც სს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან.
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ზ.პ.-სა და ნ.მ.-ს  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები. ისინი აღდგენილ იქნენ თანამდებობაზე და სს ”საქართველოს რკინიგზას” მათ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურება თვეში 2950 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები უცვლელი დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
 
საიას თელავის ოფისის დახმარებით მოქალაქემ მიიღო კომპენსაცია მორალური ზიანისათვის და მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელის მიმართ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
 
საიას თელავის ოფისი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ნ.ყ.-ს ინტერესებს, რომლის მიმართ ვ.დ.-მ და ლ.ს.-მ პატივის და ღირსების შემლახველი ცნობები გაავრცელეს.
 
ნ.ყ.-მ საიას თელავის ოფისის დახმარებით სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ვ.დ.-ს და ლ.ს.-ს მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ყ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ვ.დ.-ს და ლ.ს.-ს დაევალათ უარყონ მათ მიერ გავრცელებული ნ.ყ-ს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები. აგრეთვე, მათ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ნ.ყ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
 
მოძალადეებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ
 
1. 2015 წლის 18 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ი.მ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას გორის ოფისის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ი.მ-ს მიმართ მეუღლის მ.მ-ს მხრიდან ძალადობის ფაქტები. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და კონტაქტი.
 
2. საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა უკრაინის მოქალაქე ო.ე-ს ინტერესებს. ის მეუღლესთან, გ.ჩ-თან და 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში. ო.ე-ს განცხადებით, მისი მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ჯერ კიდევ უკრაინაში ცხოვრების პერიოდში  მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ლუგანსკის ოლქში განვითარებული საომარი მოვლენების გამო ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინის საზღვრები და დროებით საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდნენ. გ.ჩ-მ საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც გააგრძელა ძალადობა მეუღლეზე. ო.ე-მ საიას დახმარებით მიმართა  სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ. მოძალადეს აეკრძალა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა ო.ს-ს მიმართ და 50 მეტრის რადიუსში მსხვერპლთან მიახლოება. საიას დახმარებით,  ო.ე-ს და მის  არასრულწლოვან შვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და  ლტოლვილთა სამინისტრომ მიანიჭა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსიც მიენიჭა.