სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის’’ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებულ პროცესს

2015-03-19 11:11
Featured image

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წლებია ახორციელებს სასამართლოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს. კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის  შეჩერებულ პროცესზე.    

 
2015 წლის იანვარში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საქართველოს სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში არსებული, მოსამართლის 35 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.  საბჭომ ჩაატარა ორეტაპიანი კონკურსი, მათ შორის საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ თითოეულ კანდიდატს. შედეგად, 2015 წლის 17 თებერვლის სხდომაზე, დღის წესრიგის თანახმად, საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. 
 
2015 წლის 17 თებერვლის სხდომაზე საბჭომ არ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე და გადაწყვიტა მოსამართლეების დანიშვნის საკითხს კენჭი უყაროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩეული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და ის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე, შეუდგება თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას. აღნიშნული გადაწყვეტილების მომხრეები თავიანთ ამ პოზიციას ასაბუთებდნენ ძირითადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოსამართლეთა დანიშვნაზე პასუხისმგებლობის განაწილების აუცილებლობით. 2015 წლის 11 მარტს კვლავ გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, თუმცა მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი ამ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.
 
საბჭო მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კენჭისყრაში მონაწილეობს როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი. მისი არყოფნა, შესაბამისი ქვორუმის არსებობის შემთხვევაში, არ აბრკოლებს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებას. მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე საბჭოს მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის განუხილველობა წინააღმდეგობაში მოდის საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს წევრთა მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპთან. ამასთან, ის ფაქტი, რომ მიუხედავად კანონისმიერი შეზღუდვის არარსებობისა, საბჭოს წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა არ მიიღონ გადაწყვეტილებები საბჭოს თავმჯდმარის არყოფნის გამო, ეჭვქვეშ აყენებს საბჭოს წევრთა შინაგან დამოუკიდებლობას და გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ კანონის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა საბჭოს წევრებმა, რომლებიც არ გასაუბრებიან კანდიდატებს,  მაინც მიიღეს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა , აღნიშნული ეწინააღმდეგება მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის მოქმედ პროცედურებს და საბჭოს ინდივიდუალური წევრის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპს. შესაბამისად, საბჭოს ახალი თავმჯდომარის მიერ უკვე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა ასევე წინააღმდეგობაში მოვა ზემოაღნიშნულ პრინციპებთან.     
 
ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის მიმდინარე პროცესმა არ უნდა შეაფერხოს მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების შევსების დაწყებული პროცესი და შესაბამისად, ქვეყანაში სასამართლოების ეფექტიანი ფუნქციონირება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არ განჩნდეს კითხვები ამ პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.