სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

2013-05-22 06:40
Featured image

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელსიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.

 
შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის  წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზემოაღნიშნული საკანონდმებლო ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შემდეგ კანდიდატურებს:        
 
ნინო ბაქაქური
გააჩნია იურისტად მუშაობის 16 წლიანი და მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. 1998–2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტად და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიულ მრჩევლად. 2004–2008 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე. 2008 წლიდან დღემდე იგი მუშაობს იურიდიულ კომპანია ”ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ და წარმოადგენს მის ერთ-ერთ პარტნიორს.
 
ნინო ბაქაქურმა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2002-2003 წლებში იყო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის მკვლევარი. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო და ადვოკატურის გამოცდები, აგრეთვე, ნიუ–იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა.
 
ნინო ბაქაქური არის ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. კითხულობს ლექციებს შედარებით საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო მართვასა და ბიზნეს სამართალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 
 
ზურაბ ძლიერიშვილი
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (სამართლის აკადემიური დოქტორი);
 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი 2009 წლიდან დღემდე;
თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი 2009 წლიდან დღემდე;
 
სხვადასხვა იურიდიული კომპანიების კონსულტანტი 2001 წლიდან დღემდე;
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი 2004-2006წ;
 
აქვს ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება;
 
არის მრავალი კვლევის, ნაშრომისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი.
 
კახა წიქარიშვილი
2012 წლიდან დღემდე მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტად; 
 
აქვს ამერიკის უნივერსიტეტის, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი;
 
1994-1999 წწ. სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე;
არის რამდენიმე კვლევის ავტორი;
 
ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და რუსულ ენებს.