სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით

2013-05-14 03:00
Featured image

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 22 იანვარს დაარსდა ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“, რომლის მიზანსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ამ ეტაპზე ფონდის მიერ ხორციელდება ორი პროექტი: „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელმა მოსახლეობამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერი მიიღო და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვაცნობა, აღნიშნულ პროექტებს  ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ და ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“ აფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ „ფონდი ქართუს“ შესახებ არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილი არ არის მოხსენიებული, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ პრემიერმინისტრთან ასოცირდება. ამასთანავე, წინა თვეებში მედიაში ფართოდ განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა დოზით იქნებოდა წარმოდგენილი პრემიერმინისტრის პირადი კაპიტალი მილიარდიან ფონდში, რაზეც კომენტარებს მაღალი თანამდებობის პირებიც აკეთებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობით არ არსებობს მკვეთრი ზღვარი პოლიტიკოსის მხრიდან დასაშვებ ქველმოქმედებასა და საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას შორის, ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოსახდენად ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენებად. 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მართებულად ხდება და ამ ტიპის დახმარება სახელმწიფო პროგრამად წარმოჩინდება და არა – კერძო ქველმოქმედებად. თუმცა თებერვალში იყო შემთხვევა, როდესაც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 100 მილიონ ლარამდე თანხა კომპენსაციების სახით გადასცა და იმ დროს პირდაპირ ითქვა, რომ ეს იყო კერძო ქველმოქმედება. მსგავს ფაქტებს სჭირდება ნათელი საკანონმდებლო რეგულირება, რათა ყველასთვის ცალსახა იყოს ასეთი ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას, შესაბამისად, სანამ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება, უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, თავს შეიკავებენ საკუთარი სახსრებით ასეთი პროექტების დაფინანსებისგან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია