სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მესამე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2013-04-02 08:59
Featured image

2013 წლის 02 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან ერთად, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, გორის, თელავისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.  

 
პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა.  
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის პროექტის პირველი და მეორე ეტაპი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით განახორციელა. მონიტორინგის მესამე ეტაპი კი 2012 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ ეტაპზე გამოვლინდა:
 
წინა პერიოდების მსგავსად, სასამართლო იყენებდა მხოლოდ და მხოლოდ 2 სახის (გირაო/პატიმრობა) აღკვეთის ღონისძიებას და არასოდეს უფრო მსუბუქ ფორმას; ამასთან საანგარიშო პერიოდში არც ერთი ბრალდებული არ დაუტოვებია სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გარეშე.
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ხშირად საქმის გარემოებებთან მიმართებაში არაპროპორციული და დაუსაბუთებელი იყო;
უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას აკმაყოფილებდა; თუმცა, წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვლინდა რამდენიმე უპრეცედენტო შემთხვევა, სადაც პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ბრალდებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა. კერძოდ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 13 ბრალდებულის მიმართ, საიდანაც 10 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი იყო; 
მონიტორინგის წინა პერიოდისაგან განსხვავებით, სასამართლომ 11 ბრალდებულს შეუმცირა პროკურორის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის ოდენობა. 11-დან მხოლოდ 1 ბრალდებული იყო ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი;
წინა პერიოდების მსგავსად, სასამართლოს არც ერთი პირველი წარდგენის სხდომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გამოუქვეყნებია;
წინა პერიოდების მსგავსად, განხილული საპროცესო შეთანხმებებიდან უკლებლივ ყველა დამტკიცდა. ამასთან, გამოვლინდა რომ მოსამართლეებს ძირითადად ფორმალური როლი ჰქონდათ შეთანხმების დამტკიცებისას;
სასამართლომ დააკანონა ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე პროკურატურის ყველა შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა მათგანი ჩატარებული იყო გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში;
სხდომათა უმეტესობაში დაცვის უფლება დაცული იყო, თუმცა დადგინდა რომ მოსამართლეები კვლავ არასრულად განმარტავდნენ ბრალდებულის უფლებებს.
 
მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს ფაქტებზე დაფუძნებულ ობიექტურ მონაცემებს და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დასკვნები ხელს შეუწყობს მომავალში სისხლის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში პოზიტიურ ცვლილებებს.