სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი

2013-03-21 02:08
Featured image

ბრალდებულს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმის უფლება უნდა შეუნარჩუნდეს

ამა წლის 16 იანვარს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვის რეგულირებას. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვა ბრალდებულისათვის უფლების ნაცვლად (ისე როგორც ეს მოქმედ სისხლის სამართის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული) ვალდებულებას წარმოადგენდა, რამდენადაც მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის თანხმობის შემთხვევაში.  ამასთან, თანხმობის განუცხადებლობისას პროკურორს არ ევალებოდა საკუთარი პოზიციის დასაბუთება. კოალიციამ აღნიშნული კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობის მიერ ის გამოთხოვილ იქნა პარლამენტიდან. აღნიშნულმა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ამის მიუხედავად, 2013 წლის 4 მარტს პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა საკითხზე, რაც შინაარსობრივად წინამორბედი დოკუმენტის ანალოგიურია. შესაბამისად, კოალიციის ყველა მოსაზრება, რომელიც პირველ კანონპროექტს უკავშირდებოდა, დღესაც ძალაშია.
 
პარლამენტის მიერ ამჟამად განსახილველი კანონპროექტი ბრალდებულის უფლებას - უარი თქვას ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე, პროკურორის თანხმობაზე დამოკიდებულს ხდის. აღნიშნულით სუსტდება ბრალდებულის სასიკეთო მექანიზმი, ხოლო განსაკუთრებული გავლენა ბრალდების მხარეს ენიჭება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცოტა ხნის წინ კანონში შეტანილი ცვლილებებით ნაფიცი მსაჯულების მიერ ის გახმაურებული საქმეებიც განიხილება, რომლებიც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირდება. არსებულ ვითარებაში კი არსებობს რისკი, რომ  ნაფიც მსაჯულთა წინაშე საზოგადოებაში მყარად ჩამოყალიბებულმა აზრმა  გადაწონოს სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. 
 
იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ საქმეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს, იგი  გახმაურებულიცაა. შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ ნაფიც მსაჯულებზე ზეგავლენა მოახდინოს. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ნაფიცი მსაჯულების სასამართლო მოქმედებს, შემუშავებულია მექანიზმები მათი გარეშე ინფორმაციის ზეგავლენისგან დასაცავად, რათა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილ იქნას ბრალდებულის სამართლიანი განხილვის უფლება - ვერდიქტი დაეყრდნოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამ მხრივ არსებული საერთაშორისო გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია საქართველოში ნაფიც მსაჯულთა გარეშე ზეგავლენისგან დასაცავად ქმედითი მექანიზმები იქნას შემოღებული, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით არ არსებობს.
 
ვინაიდან იმ სისხლის სამართლის საქმეთა მიმართ, რომელშიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან ბრალდებულნი, საზოგადოებრივი აზრი და დამოკიდებულება გარკვეულწილად უკვე შექმნილია, კოალიცია მიიჩნევს, რომ ბრალდებულს უნდა შეუნარჩუნდეს უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით უარი თქვას თავის საქმეში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე. სხვა შემთხვევაში კოალიცია ხედავს რისკების აღნიშნულ პირთა მიმართ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებასთან დაკავშირებით.