სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

2017-04-11 11:30
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიების გაზრდა. 

 

საკანონმდებლო წინადადებით, დაზარალებულს ენიჭება უფლება სასამართლოში გაასაჩივროს ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების, გამოძიების ან სისხლისამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე, ყველა ტიპის დანაშაულის შემთხვევაში. არსებული რეგულირებით, დაზარალებულს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის არსებობისას გააჩნია. საია მიიჩნევს, რომ პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში არ უნდა დარჩეს სასამართლო კონტროლის მიღმა და დაზარალებულს უნდა მიენიჭოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

 

საკანონმდებლო წინადადების პროექტი დაზარალებულს ასევე ანიჭებს უფლებას, მისი მხრიდან პროკურატურაში მოთხოვნის წარდგენის გარეშე, მიიღოს შემდეგი ინფორმაცია, ა) შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო, როგორიცაა: ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან, წინასასამართლო სხდომა, სასამართლოს მთავარი სხდომა, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა, სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა; ბ) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება. არსებული რეგულირებით, დაზარალებულს აღნიშნული ინფორმაციის მიღება შეუძლია მხოლოდ პროკურატურისათვის მიმართვის შემთხვევაში. საია მიიჩნევს, რომ, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს არ გააჩნია სისხლის სამართალწარმოების პროცესის შესაბამისი ცოდნა, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დროულად და გონივრულ ვადაში მიწოდება.

 

საკანონმდებლო წინადადებას საფუძვლად დაედო საიას მიერ მომზადებული კვლევა „დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასების საფუძველზე გამოავლინა დაზარალებულის უფლებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისათვის სისხლის სამართალწარმოების პროცესში არსებული ხარვეზები და პრობლემები.  

 

საკანონმდებლო წინადადებამ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებები დაზარალებულის სტატუსთან და უფლებებთან მიმართებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები დაზარალებულის უფლებების დაცვის საკითხებზე

 

საია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილ მოსაზრებებს და უზრუნველყოფს დაზარალებულის ინტერესების დასაცავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ასახვას.