უსახელო ხევი

თელავის მახლობად, სოფელ კურდღელაურში უსახელო ხევია. ხევის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას  და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს. დღეს მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  

უსახელო ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, რაც საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საშიშროებას ქმნის. დიახ წლებია უკვე მოუვლელი ხევი ვეღარ ატარებს ნალექის შედეგად მოვარდნილ ნაკადს და დაგუბებული წყალი გადმოდის სოფლის მაცხოვრებელთა სახლებში, ტბორავს და აზიანებს მათ, ანადგურებს ნათესებს. ყოველი წვიმის და ნალექის მოსვლა დიდ საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა არა მარტო საკუთრებას, არამედ  სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ყველაფერი კი 2015 წლის 18 ივნისს დაიწყო. სწორედ 13 ივნისის სტიქიიდან რამდენიმე  დღის შემდგომ... პროექტის „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ ფარგლებში პირველი საჯარო შეხვედრა ჩავატარეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ისეთი პრობლემების იდენტიფიცირება ვთხოვეთ, რაც მათ წლებია აწუხებთ. ყველამ ერთხმად, უსახელო ხევის რეაბილიტაცია დაასახელა.

 წლების  განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სისტემატურად მიმართავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და პრობლემის მოგვარებას სთხოვდა, თუმცა ვერა და ვერ ხერხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი რესურსის გამოძებნა. მართალია,  ამ პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ხევის გარკვეული მონაკვეთის გაწმენდა დაგროვილი ნარჩენებისაგან, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. არხის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და გრუნტის მთები წარმოიქმნა, რომლებიც არხის წყლით გავსების და დატბორვის საშიშროების გარდა, აუტანელ ანტისანიტარიულ პირობებს ქმნიდა სოფლის ტერიტორიაზე.

ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროგრამაში და არაერთი სამუშაო შეხვედრა დაგეგმეს, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობდნენ. ჩაერთვნენ საბიუჯეტო პროცესში და თვითმმართველობას თავისი ხედვა წარუდგინეს. საიას ორგანიზებით, მეორე საჯარო შეხვედრას უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ ხევის ძირეული რეკონსტრუქციის დაპირება და უკვე 2016 წელს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,ქალაქის მერიასთან ერთად , გამოაცხადა ტენდერი ხევის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე. 2016  წლის 2 ნოემბერს კი გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო კომპანაიასთან, რომლის საერთო ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეს ხევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა იმედით შეჰყურებს ამ სამუშაოებს. რის შემდეგაც ხევის შიდა მხარე გაიწმინდება, რაც მის გამტარუნარიანობას გაზრდის . ეს ყველაფერი კი შენი, ჩემი, ჩვენი აქტიური ჩართულობის შედეგია...

იყავი აქტიური, ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში!


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge