ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველომ პირველ კალათში გადაინაცვლა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მორიგი წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანით ვაჭრობის შესახებ. არსებული დასკვნით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად 800 ათასს აღწევს. თანამედროვე მონები ძირითადად, ქალები და ბავშვები ხდებიან, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა 80 პროცენტს წარმოადგენენ და უმეტესად სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან.

ამერიკის კონგრესი ქვეყნებს სამი კალათის პრინციპის მიხედვით ყოფს. მესამე კალათაში ხვდებიან ქვეყნები, რომელთა მთავრობებიც არ მიმართავენ საჭირო ზომებს ტრეფიკინგთან საბრძოლველად და შესაბამისად ასეთ ქვეყნებს უწყვეტს დაფინანსებას. დღევანდელი მონაცემებით მესამე კალათაში 16 ქვეყანაა მოთავსებული. მეორე კალატაში ხვდებიან ისეთი ქვეყნები (ამ ეტაპზე 32 ქვეყანა), რომელთა მთავრობებიც მიმართავენ გარკვეულ ზომებს ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა მათი მუშაობა არც ისე ეფექტურია.

პირველი კალათის ბინადარნი კი ის ქვეყნები არიან, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ ამ სფეროში. დეპარტამენტის ექსპერტთა დასკვნით, საქართველომ შეფასების შკალის უმაღლეს საფეხურზე პირველ კალათაში გადაინაცვლა და შეუერთდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი და ა.შ.

ამ ანგარიშის თანახმად, წელს პირველ კალათაში გადაინაცვლა მხოლოდ სამმა სახელმწიფომ _ საქართველომ, უნგრეთმა და სლოვენიამ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა პირველი კალათიდან.

ჩვენი ქვეყნის ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელიც უკვე 3 წელია წარმატებით ახორციელებს ანტი-ტრეფიკინგულ პროექტებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge