თელავში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შეიქმნა

29 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა ხელი მოაწერა თელავის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის მემორანდუმს. კოალიციის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა. ასევე საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრვი თვითმმართველობის განხორციელებისას. კოალიციის მემორანდუმს  ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისმა, "საქართველოს საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ასოციაციამ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ", "მებრძოლ-პარტიოტთა კახეთის რეგიონალური კავშირმა", კავშირმა "თვითმმართველობა 2002"-მა, ასოციაცია "ნადიკვარმა", "საქართველოს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიურომ", არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოსმა" და "შუამთამ" _ მოაწერა ხელი.

კოალიციის შექმნა საიას თელავის ოფისში 30 მარტს გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვერაზე გადაწყდა. კოალიციის შექმნის იდეას შეხვედრაზე დამსწრე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია თელავის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. ამასთან 29 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სრულიად უკანონოდ დასწრების უფლება არ მისცეს  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თელავის რაიონის კოორდინატორს გოგი ჭონიშვილს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად დაგმეს.

კოალიციამ საქმიანობის ფორმად აირჩია შემდეგი:
ა) მოახდინოს მოქალაქეთა ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ბ) ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების წევრთა მონაწილეობის გაზრდას;
გ) მოახდინოს თვითმმართველობის წინაშე თელავის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების ლობირება;
დ)   ხელი შეუწყოს ამომრჩევლების წინაშე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ანგარიშგებას.

კოალიცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის, შიდაორგანიზაციული აქტებისა და მემორანდუმის შესაბამისად მოქმედებს დასახული მიზნებისა და ამოცანების გადასაჭრელად.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge