თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმი რივიერას საქმეზე კერძო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 22 იანვარს სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის მასალების გაცნობის შემდგომ უმეტესად გაიზიარა საია-ს მოსაზრებები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საკითხი დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საიას ჩაბარდა 2021 წლის 22 ივნისს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განჩინებაში არ არის შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და დამაჯერებელი მოტივები მითითებული, ამასთან, შეფასების გარეშეა დატოვებული მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული ანალიზია შემოთავაზებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების პირობებში აუცილებელი იქნება მოსარჩელის, მოპასუხის და მესამე პირის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ზემდგომმა ინსტანციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, აქტის მოქმედების შეჩერება განხორციელდეს არა სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არამედ - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა განხორციელდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით და იგნორირებულია ფუნდამენტური პრინციპები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება და საჯაროობა.

სამშენებლო ნებართვა გაცემულია იმ პირობებში, რომ არაა ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშები, შესაბამისად, შეუსწავლელია განსახორციელებელი პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. ეს იმ პირობებში, რომ სამშენებლო საქმიანობის წარმართვა იგეგმება ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის ისტორიული ნაწილი ფაქტობრივად კარგავს კავშირს ზღვასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახლა უნდა დაიწყოს საკითხის შესწავლა და ახალი განჩინება მიიღოს გასაჩივრებული აქტის მოქმედებების შეჩერებასთან დაკავშირებით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge