თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა მიმართ დაწყებულია გამოძიება ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო, უნდა გასაჯაროვდეს

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა და კორუფციის პრევენციის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის განმავლობაში შეამოწმა 287 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის სისრულე და სისწორე, რომელთაგან 224 დეკლარაცია (78%) შეფასდა უარყოფითად, ხოლო 7 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია იმ თანამდებობის პირების სია, რომელთა დეკლარაციები უარყოფითად შეფასდა, ანგარიში არ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დარღვევები იყო აღმოჩენილი თითოეული თანამდებობის პირის შემთხვევაში. გარდა ამისა, ანგარიშში არ არის მითითებული იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო.

ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაციის მისაღებად, 2018 წლის იანვარში განცხადებით მივმართეთ საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას. საჯარო სამსახურის ბიურომ მოგვაწოდა მოთხოვნილი თანამდებობის პირების (პარლამენტის წევრები, მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, მოსამართლეები, პროკურორები) შემთხვევაში ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რაც წარმოდგენილია დანართის სახით. თუმცა, საჯარო სამსახურის ბიურომ უარი გვითხრა მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი თანამდებობის პირების ვინაობის გასაჯაროებაზე იმ საფუძვლით, რომ „მათი ვინაობის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე წარმოების პროცესს.“  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე არ გვიპასუხა კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად მიიჩნევა.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ იმ თანამდებობის პირების ვინაობის დაფარვა, რომელთა მიმართ ქონენბრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო დაწყებულია გამოძიება არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებს. სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია არ მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და არის საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება („ხელი შეუშალოს პროკურატურაში მიმდინარე წარმოების პროცესს“) არ არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის უარი მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე არ არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიურომ უზრუნველყოს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა და ყოველწლიურად პროაქტიულად გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:

- იმ თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა ქონებრივი დეკლარაციები წლის განმავლობაში ექვემდებარება მონიტორნგის;

- დეტალური ინფორმაცია თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების თაობაზე;

- იმ თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა შესახებ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია დამატებითი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს (მაგ: საქართველოს მთავარ პროკურატურას).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მისაღებად საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში წარადგენს


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge