სემინარი თემაზე: ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურები

24-25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის “სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი “ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურები“.

აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო საადვოკატო ფირმებიდან ოცმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა მიიღო, რომელთა შერჩევაც  წინასწარ კონკურსით მოხდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ უცხოელი ექსპერტები: პროფესორი  ბილ ბოურინგი და ბ-ნი ფილიპ ლიჩი (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დირექტორი და პრაქტიკოსი ადვოკატი) და ქართველი ექსპერტები: ბ-ნი ბესარიონ ბოხაშვილი (სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში) და სოფიო ჯაფარიძე (საიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი).

ტრენინგი შეეხებოდა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლებს (საკუთრების უფლება), ასევე ისეთ პროცედურულ საკითხებს როგორიცაა:  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსთვის განაცხადის შედგენა,  დასაშვებობის კრიტერიუმები და სასამართლო განხილვის  ნაბიჯ-ნაბიჯ მიმოხილვა. 

ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიული ხასიათის გამოვიდა და ზემოაღნიშნული სესიების გარდა მოიცავდა ასევე იურიდიული კლინიკის სესიასაც. აღნიშნული სესიის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ადვოკატებს შესაძლებლობა მიეცათ ექსპერტებთან განეხილათ მათ მიერ წარმოებული საქმეები და ემსჯელათ მათი ევროპის სასამართლოში გაგზავნის პერსპექტივებზე.

ტრენინგის შედეგად მონაწილენი აღიჭურვნენ ყველა იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევით რაც ადვოკატს სჭირდება ევროპის სასამართლოში განაცხადის დამოუკიდებლად გასაგზავნად. ეს ადვოკატები უკვე მოიზრებიან ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორებად ერთობლივი განაცხადების წარდგენის მიმართულებით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge