საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას განცხადება დააკმაყოფილა

2010 წლის 13 მაისს ცესკოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. განცხადება შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების მიერ ინიცირებული პროექტის - “კინომანია” ფარგლებში დაბეჭდილ ფასდაკლების ბარათებს. საიას აზრით, აღნიშნულ ბარათებზე გამოსახული ციფრი “5”, დიზაინის თვალსაზრისით (ფერები, ზომა, ფორმა) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქ. თბილისის მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალაზე გამოსახული ციფრის _ “5” იდენტურია. შესაბამისად, საიას აზრით, მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა  ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების ფაქტს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაიზიარა საიას მოსაზრება და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის პროექტის “კინომანია” ფარგლებში მომზადებული ფასდაკლების ბარათები, რომლებზეც გამოსახულია პ.გ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგითი ნომერი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, sაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.”

შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის, თორნიკე ხუციშვილის მიმართ.

სამართალდარღვევის ოქმი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა, რათა სასამართლომ იმსჯელოს დამრღვევი პირის მიმართ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული 1000 ლარიანი სანქციის შეფარდების თაობაზე.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge