საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2021 წლის 15 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქე გიორგი ბერუაშვილის სახელით წარდგენილი საიას კონსტიტუციური სარჩელი. საია სადავოდ ხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლს, რომლითაც აკრძალულია არასრულწლოვანის ჩართვა „ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში.“ საია ამტკიცებდა, რომ ანტისაზოგადოებრივი ქმედება იყო ბუნდოვანი ტერმინი და იძლეოდა განსხვავებული შინაარსით მისი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამის დასადასტურებლად საიამ წარადგინა უზენაესი სასამართლოს ორი განჩინება. ორივე საქმე ეხებოდა იმას, რომ სრულწლოვანებმა არასრულწლოვანი დაიყოლიეს ყაჩაღობის ჩასადენად. 

ერთი განჩინება, სადაც ბრალდებული იყო გიორგი ბერუაშვილი, უზენაესმა სასამართლომ მიიღო 2007 წლის 6 ივლისს. ამ განჩინებით უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ არასრულწლოვანის დაყოლიება ყაჩაღობის ჩადენაში წარმოადგენდა „ანტისაზოგადოებრივ ქმედებას და ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით. მეორე საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ განჩინება მიიღო 2008 წლის 3 იანვარს. ამ საქმეშიც სრულწლოვანმა არასრულწლოვანის დახმარებით ჩაიდინა ყაჩაღობა. ამჯერად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვანის დაყოლიება ყაჩაღობის ჩადენაში არ მიიჩნია „ანტისაზოგადოებრივ ქმედებად“ და ბრალდებული გაამართლა 171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 3 იანვრის განჩინებაში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვა „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ გულისხმობდა არასრულწლოვანის ჩართვას ისეთ ქმედებაში, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს. მაგალითად, ასეთ ქმედებას წარმოადგენს არასრულწლოვანის გალოთება.   

ამგვარად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებდა ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის ბუნდოვანი და ზოგადი ჩანაწერი იძლეოდა. საია ამტკიცებდა, რომ სიტყვა „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არ აკმაყოფილებდა განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე). 

საიას პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც შეისწავლა უზენაესი სასამართლოს აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა და დაადგინა, რომ არასრულწლოვანის დაყოლიება დანაშაულის ჩადენაზე ჩაითვლება თუ არა ანტისაზოგადოებრივ ქმედებად, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მოსამართლეები განიხილავენ საქმეს უზენაეს სასამართლოში. ასეთ პირობებში,  კვალიფიციური იურისტიც კი ვერ ეტყვის წინასწარ ბრალდებულს, რომელმაც არასრულწლოვანი დაიყოლია დანაშაულის ჩადენაში, მოხდება თუ არა მისი მსჯავრდება სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით.[1] ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ სიტყვა „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ იმ ნორმატიული შინაარსით, რაც გულისხმობს არასრულწლოვანის დაყოლიებას დანაშაულის ჩადენაში, მიიჩნია არაკონსტიტუციურად. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუკი სრულწლოვანი არასრულწლოვანს ჩართავს ყაჩაღობის ან სხვა დანაშაულის ჩადენაში, დაისჯება როგორც ყაჩაღობის თანამონაწილე ან თანაამსრულებელი. პირი ანტისაზოგადოებრივი ქმედებისათვის მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, როცა არასრულწლოვანს დაიყოლიებს ისეთი ქმედების ჩადენაში, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს (მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულს გახდის არასრულწლოვანს).    

 

ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა. 

  

 


[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/1/1289 გადაწყვეტილების მეორე თავის 27-ე პუნქტი 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge