საიას თავმჯდომარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანებაში ცვლილება შეიტანა

2010 წლის 16 აგვისტოს საიას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე ბ.ზ.-მ, რომელიც  განეკუთვნებოდა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, დაღუპულთა მშობლის კატეგორიას. მას 1993 წელს აფხაზეთში ორი შვილი დაეღუპა.

მოქალაქე ბ.ზ.-მ 2010 წლის აგვისტოში შემთხვევით გაიგო, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მას აქვს უფლება თითოეულ დაღუპულ შვილზე მიიღოს პენსია 55 ლარის ოდენობით.

მომმართველისთვის მანამდე უცნობი იყო ამ დახმარების შესახებ, რადგან აღნიშნული ბრძანება არც ერთი მედია საშუალებით არ გავრცელებულა, გარდა  „საკანონმდებლო მაცნე“-სა. ვინაიდან აღნიშნული ჟურნალის გავრცელების არეალი ძალიან ვიწროა, შესაბამისად, ინფორმაციამ ქალბატონამდე დაგვიანებით მიაღწია.


აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირებაზე კომპეტენტური ორგანოა სოციალური მომსახურების სააგენტო. ბრძანების 7-ე მუხლის თანახმად კი „სახელმწიფო დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადების წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“

საიაში ინფორმაციის შემოსვლისთანავე, საიას თავმჯდომარემ ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართა და ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანა სთხოვა, რათა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მშობლებს, რომელთაც სააგენტოს დაუდევრობის გამო მოგვიანებით შეიტყვეს მათთვის გამოყოფილი დახმარების შესახებ, შესაძლებლობა მისცემოდათ, აეღოთ ბრძანებით დადგენილი დახმარება 2010 წლის 10 იანვრიდან.

აღნიშნულ წერილზე პასუხის მიხედვით, საიას თხოვნა დაკმაყოფილდა და მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის #4 ბრძანებაში მართლაც შევიდა ზემოაღნიშნული ცვლილება, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო დახმარების დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტ(ებ)ის არაუგვიანეს 2011 წლის 1 იანვრამდე წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო დახმარების გაცემა განხორციელდება 2010 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნისა და სტატუსის მინიჭების თარიღის მიუხედავად.“

 

იხილეთ შემდეგი დოკუმენტების ასლები:

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge