საიამ საჯარო დაწესებულების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართა

2013 წლის 21 ოქტომბერს საიამ მორიგი კვლევის „საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი“ პრეზენტაცია გამართა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქრთველოში არსებული პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. 

კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარალმენტის, მთავრობის კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის თვის ჩათვლით, როგორც შესყიდული ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული  ავტოსანტრაპორტო საშუალებების შემთხვევები. 

კვლევის მომზადების შედეგად ცნობილი გახდა, რომ:
 
2011 წლის იანვრიდან მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგის სუბიექტებმა 2,146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდეს, რომელთა ღირებულებამ ჯამში 61,439,788 ლარი, 16,545,081 დოლარი და 110,000 ევრო შეადგინა.
 
შესწავლილი საჯარო დაწესებულებებიდან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა შეძენელი 2012 წლის ივლისის თვეში, რაშიც 110,000 ევრო იქნა გადახდილი. საანგარიშო პერიოდში ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა განხორციელდა ასევე რუსთავის თვითმმართველობის (173,100 ლარი), მთავრობის კანცელარიის (167,756 ლარი), ფინანსთა სამინისტროს (136,300 ლარი) პრეზიდენტის ადმინისტრაციისა (128,205 ლარი) და ასევე სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ;
 
შესწავლილ საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლის ძალითაც შესაბამის უწყებებში განისაზღვრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და პერიოდულობა. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა სერიოზულ კითხვებს ბადებს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრნასპორტო საშუალებების შეძენის მიზანშეწონილობისა და საჭიროების შესახებ;
 
კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და ჩუქების სახით გადაცემის ტენდენცია - იქნება ეს თავად საჯარო დაწესებულებებს შორის, თუ კერძო პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის განხორციელებული უსასყიდლო გადაცემისა და ჩუქების სახით. ამ მხრივ განსაკუთრებით მაღალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კერძო პირების მიერ ჩუქების ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპოროტო საშუალებები, რომელთა რაოდენობამ ჯამში 87 შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩუქებისა და უსასყიდლო ფორმის სახით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ფაქტების დიდი ნაწილი 2012 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იქნა განხორციელებული.
 
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც კვლევის მონაწილე საჯარო დაწესებულებების ნაწილის მიერ მითითებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საფუძვლად, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის სამართლებრივ აქტს. კონკრეტული დანაწესების არარსებობის გამო, იგი ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებას, რომელიც მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას. 
 
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მიზანშეწონილობისა და საბიუჯეტო შესაბამისობის მიღწევა, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველსაყოფად, ხორციელდება შიდაორგანიზაციული სტრუქტურისა და რეგულაციების ფონზე. ჩატარებული კვლევის თანახმად კი, საქართველოში არსებული საჯარო დაწესებულებებში მსგავსი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტის მოძიება ვერ მოხერხდა.
 
საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, საჭიროა, დროულად და ეფექტურად მოწესრიგდეს არსებული საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ განისაზღვროს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ექნება ინსტრუქციის ხასიათი და დაადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მარეგულირებელ კონკრეტულ წესებს. 
 
ამასთან, საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შესყიდვების გეგმაში შესატანი კომპონენტები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები (დაბალი ფასისა და ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების პრინციპი) საზედამხედველო ორგანოები, მათი ფუნქციები, სტრუქტურა, უფლებამოსილების ფარგლები, ავტოპარკის განახლების პერიოდულობა და ყველა სხვა ის საკითხი, რაც დღემდე აქტუალურობას არ კარგავს საჯარო დაწესებულებების მხრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის პროცესში.
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge