საიამ პარლამენტს „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები წარუდგინა

საიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კრიტიკული შენიშვნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.[1] წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი ნაწილის მიხედვით, განისაზღვრება ცივი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და მათი დარღვევის გამო შესაბამისი სანქციები. თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებოა ამ საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილი,[2] რომელიც შეეხება  პოლიციის მიერ მისი ფუნქციების შესასრულებლად, საჯარო დაწესებულებებიდან პირთა შესახებ პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების გამოთხოვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებში დამუშავების ბუნდოვან საფუძვლებს.

საიას მიაჩნია, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში ინიცირებული ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ ძირითად უფლებებს, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებსა და აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განმტკიცებულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში საერთოდ არ არის საუბარი აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ინიცირებული ნორმა პოლიციას აძლევს განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს პირთა შესახებ მონაცემების შეგროვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ბადებს კითხვებს ამ პროცესის გამჭვირვალობისა და სამინისტროს მიზნების თაობაზე.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლს ემატება მე-6 პუნქტი,[3] რომლის თანახმად, პოლიციას უჩნდება უფლებამოსილება, ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ყველა პირის შესახებ ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც (მაგ. პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები და სხვა) და მისი ფუნქციების შესასრულებლად, გამოიყენოს ყოველდღიურ საქმიანობაში, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაცემებზე პირდაპირი წვდომა ექნება პოლიციის ყველა შესაბამის თანამშრომელს.

ამასთან, პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონპროექტით არ არის დასაბუთებული ცვლილების მიღების ლეგიტიმური მიზანი - კანონპროექტი საერთოდ არ შეიცავს მითითებას აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით და გაურკვეველია კანონპროექტის ინიციატორის ლეგიტიმური მიზანი, თუ რას ემსახურება განუსაზღვრელი მოცულობით პირთა შესახებ მონაცემების დამუშავების აუცილებლობა;

კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოდ დამუშავებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად ქმნის, ფლობს ინიცირებული ნორმით განსახორციელებელ საჭირო ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც პირადი ხასიათის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, ინფორმაციის მოპოვების „მასიურ“ (პრაქტიკულად შეუზღუდავ) შესაძლებლობას იძლევა, ამასთან, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ სისტემის ადმინისტრირებას, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის ზედამხედველობითი უფლებამოსილება, ვერ ჩაითვლება ამ პროცესზე გარე კონტროლის საკმარის და ეფექტურ შესაძლებლობად.

კანონპროექტი ითვალისწინებს არაპროპორციულად დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას - ინიცირებული რეგულაცია არის განუსაზღვრელი და განუჭვრეტადი, რითაც სამინისტროს უჩნდება განუსაზღვრელი უფლებამოსილება, დაამუშავოს პერსონალური მონაცემები მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება შეიძლება არ არსებობდეს და დაამუშაოს ის მონაცემები, რომელთა დამუშავება ან საჭირო არ იყოს, ან კანონიერ მიზანს არ ემსახურებოდეს.

სათანადოდ არ არის განსაზღვრული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები - კანონმდებლობის მოთხოვნაა, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები უფრო მეტად იყოს დაცული, ხოლო შესაბამისი დამუშავება, იყოს აუცილებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ არის აღნიშნული მოთხოვნები და მეტიც, მათ დამუშავებაზე ვრცელდება ისეთივე დანაწესები, როგორებიც ჩვეულებრივი კატეგორიის მონაცემებთან დაკავშირებით.

კანონპროექტი უშვებს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის საფუძვლების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრის შესაძლებლობას - კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ უფლებაში ჩარევის საფუძვლები განისაზღვროს კანონით და არა მინისტრის კანონქვემდებარე აქტით. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულის დადგენა მოხდება არასათანადო იურიდიული ძალის მქონე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს - მსგავსი მასშტაბებით დამუშავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არღვევს კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებას, ხოლო მინისტრის ბრძანებით მონაცემთა დამუშავების წესების განსაზღვრა, წარმოადგენს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ბერკეტს, რაც მონაცემთა უსაფრთხოდ დამუშავებას ეჭვქვეშ აყენებს.

კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მკაცრ რეგულაციებს ამ ტიპის მონაცემთა შეგროვებასთან და საქმეში დართვასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების უფლების დაცვას ემსახურება, ხოლო ინიცირებული რეგულაციით, სისხლის პროცესს მიღმა აქვს უფლებამოსილება, დაამუშაოს პირის შესახებ მონაცემები. ასეთ პირობებში, გაუგებარია, როგორ იქნება დაცული პირადი ცხოვრება მაშინ, როდესაც გარკვეული ინფორმაციის სისხლის სამართლის საქმეში წარსადგენად საჭიროა კანონით მკაცრად განსაზღვრული პროცედურების გავლა, თუმცა ამავდროულად, ამავე ინფორმაციაზე პოლიციას პირდაპირი წვდომა ექნება.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და აჩენს პოლიციის მხრიდან პირთა შესახებ მონაცემების არამართლზომიერად გამოყენების რეალურ საშიშროებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

 

 


[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/18108

[2] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/221177?

[3] პოლიცია უფლებამოსილია, დაამუშაოს ადმინისტრაციულ ორგანოებში/საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, თუ აღნიშნული აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge