საიამ ევროპის სასამართლოში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლის 10 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი  შეიტანა.
სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლო) და მე-13 (დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობა) მუხლების დარღვევას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის 11 მარტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გ. გამცემლიძე, რომელიც არ იყო შეიარაღებული, მოკლული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, რომელსაც ის შეიარაღებული ეგონა.
2008 წლის 8 მაისს ღამის დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთზე, გ. გამცემლიძე ერთი გასროლით მოკლა შს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, როდესაც წინასწარი და სასამართლო გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იგი ცდილობდა ზანდუკელის ქ. #2-ში მდებარე ეზოში მიმალულიყო, მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.
საქმის მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გიორგი გამცემლიძის მიმართ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა იმ ვითარებაში, როდესაც იგი არ იყო შეიარაღებული და არ უქმნიდაAრაიმე საფრთხეს პოლიციელებისა ან/და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლმა გ. გამცემლიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილების ან/და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე.

მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, საქართველოს პროკურატურის მიერ საპატრულო პოლიციის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და დამნაშავეს განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა,  საიდანაც ორი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ორი წელი ჩაეთვალა პირობით ორი წლით გამოსაცდელი ვადით.

საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად, ცხადი ხდება, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია და სასჯელი აშკარად არაადეკვატურია და საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი განზრახ მკვლელობისთვის შეიძლებოდა ყოფილი მსჯავრდებული.

გ. გამცემლიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება, ისევე როგორც სასამართლო გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად და მნიშვნელოვანი დარღვევებითა და ხარვეზებით.
მიუხედავად თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებისა, არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს არ იქნა ზუსტად დადგენილი თუ კონკრეტულად სად, როგორ და რა პირობებში მოხდა გასროლა. არ მოხდა შემთხვევის მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დროული იზოლაცია. პატრული, რომელმაც უშუალოდ მოახდინა გასროლა და მისი მეწყვილე დაკითხულები იქნენ მხოლოდ შემთხვევიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საკმარისი დრო ჰქონდათ შემთხვევის ვერსიების შეთანხმებისათვის. აღნიშნული ეჭვი მით უფრო საფუძვლიანი ხდება იმ პირობებში, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისაგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ჰყვება შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი მოწმე.
გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც ფაქტობრივად გადაწყვიტა შემთხვევის კვალიფიკაციის ბედი. შემთხვევის დღეს, 2008 წლის 8 მაისს, ერთი და იგივე დროს შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა და შს საპატრულო პოლიციის გამომძიებლებმა, მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები პოლიციელის  მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. სწორედ შსს გამომძიებლებმა ‘ამოიღეს’ შემთხვევის ადგილიდან ПСП მოდელის #BP-1707H ცეცხლსასროლ იარაღი, რომელიც ვითომდა ეკუთვნოდა გ. გამცემლიძეს, თუმცა, ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დადგენის შესაძლებლობას და დამნაშავე პირების დადგენას და დასჯას, ეფექტური გამოძიების სტანდარტის მიღმა რჩება. დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ვალდებულება მით უფრო მკაცრია, როდესაც სიცოცხლის მოსპობა სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ძალის გამოყენების შედეგად მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ეფექტურობისათვის მიღწეულ შედეგზე უფრო დიდი მნიშვნელობა გამოძიების მიმდინარეობას და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურობას ენიჭება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, გ. გამცემლიძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული გამოძიება არ შეესაბამებოდა ‘ეფექტური გამოძიების’ სტანდარტებს,  რაც ევროპის კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge