საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებით მედიაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება

2018 წლის 04 მარტს რუსთავი 2-ის გადაცემაში ,,P.S.” გავიდა სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესში არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით.

სიუჟეტის შემდგომ, კახი ბექაურმა სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით განაცხადა, რომ აღარ აპირებს ეს საკითხი უყურადღებოდ დატოვოს და გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოა. შესაბამისად, დაუშვებელია კომისიის თავმჯდომარის მხრიდან მის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტის - საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა შესარჩევ პროცესებში მონაწილეობა.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მხრიდან ამ პროცესებში ჩართვა, ვინაიდან  გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა წარიმართოს სწორად და  გამჭვირვალედ. საია მოუწოდებს ყველა პირს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge