საია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნათია შავაძის სახელით კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიმართა. საია სადავოდ ხდის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მუხლს[1]. სადავო ნორმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველ აპლიკანტებს ასაკობრივი ნიშნით ყოფს, რის გამოც თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შესაძლებლობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. კერძოდ,  19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე, ხოლო 29 წელს ზემოთ მყოფი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველთა ქულა რჩება უცვლელი.  აპლიკანტების მიერ მიღებული ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ერთიან სარეიტინგო სიას, რომელიც განსაზღვრავს აპლიკანტთა სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შედეგებს.

საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებები.  სადავო ნორმის მიხედვით, 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 23 ქულიანი, ხოლო 19-დან 29 წლამდე ასაკის კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 9 ქულიანი უპირატესობა აქვთ 29 წლის ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით. ამდენად, უფრო რეალური შანსი აქვთ მოხვდნენ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და დაეუფლონ პროფესიას. 

საიას პოზიციით,  სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს 15-დან 29-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ აპლიკანტებში უმუშევრობის დონის აღმოფხვრა. უმუშევრობის აღმოფხვრა ნამდვილად წარმოადგენს დაუძლეველ სახელმწიფო მიზანს, თუმცა, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში პრივილეგია ენიჭებათ ყველა 19 წლამდე და 19-29 წლამდე აპლიკანტს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა და კონკურენტუნარიანობისა. ასეთ პირობებში კი შესაძლოა პროგრამის გარეთ დარჩნენ ის აპლიკანტები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეიძლება სჭირდებოდეთ პროგრამა უმუშევრობის დასაძლევად და იმყოფებოდნენ 29 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამასთან, სადავო ნორმა არ არის აუცილებელი საშუალება, რადგან იგივე მიზნის მიღწევის მისაღწევად სახელმწიფოს შეუძლია პროფესიულ სასწავლებელში მიღების ისეთი სისტემა შეიმუშაოს, რომელიც სწორედ იმ ადამიანებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ უპირატესობის მინიჭება. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 19 წლამდე, ასევე 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის აპლიკანტებს, 29 წელზე ზემოთ მყოფ აპლიკანტებთან მიმართებით პროფესიული გამოცდების ჩაბარებისას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა (თანასწორობის უფლება) და 27-ე მუხლის პირველ პუნქტებთან (განათლების უფლება) მიმართებით.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერითაწარმოებს.

 


[1] „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge