საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საია ეხმაურება მიმდინარე წლის 28 მარტს ბათუმში მის თანამშრომლებსა და პოლიციის მაღალჩინოსან ვალერიანე თელიას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას.

 
შსს-ს განცხადება, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას ეყრდნობა, შესაშური თანმიმდევრობით ჩამოთვლის დარღვევებსა და გადაცდომებს, რომელსაც შემოწმების შედეგების თანახმად, საიას თანამშრომლის მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა, არაფერს ამბობს ვალერიან თელიას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტზე, რომელსაც  ადასტურებს თავად შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. როინ ფარტენაძემ, მართალია, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები (ის იმყოფებოდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და არ დაიცვა მანევრირების წესები), თუმცა, მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ეს არ აძლევს სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს სამართალდამრღვევი მოქალაქეების ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებას. 
 
ცალსახაა, რომ გენინსპექციის დასკვნაში მოცემული ფაქტები და შეფასებები არის არა ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური აღწერა, არამედ ამ ინციდენტის ცალმხრივი ვერსია, რომელიც არათუ არ პასუხობს კითხვებს, არამედ აჩენს დამატებით ეჭვებს. მაგალითად, საინტერესოა, თუ შეურაცხყოფა საიას მძღოლის მხრიდან ხორციელდებოდა, რატომ აღენიშნებოდა ინციდენტის კვალი სწორედ მას და არა თელიას, რომლის მიმართაც, შსს-ს დასკვნის თანახმად, საიას წარმომადგენელი აგრესიული იყო. ამასთან, რატომ გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საიას თანამშრომლებმა და არა ვალერიან თელიამ, რომელმაც შსს-ს ვერსიის მიხედვით, დააფიქსირა როგორც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი, ასევე იგი გახდა კანონდამრღვევი მოქალაქის მხრიდან შეურაცხყოფის ადრესატი. 
 
საიამ გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია შსს მომსახურების სააგენტოდან ვალერიანე თელიას სახელზე მართვის მოწმობის გაცემის შესახებ. მიღებულ პასუხში გარკვევით არის მითითებული, რომ მის სახელზე ასეთი დოკუმენტი გაცემული არ არის. მას შემდეგ, რაც საიამ ეს ინფორმაცია მოიპოვა,  შსს ზეპირი კომენტარით გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და განმარტა, რომ ამის გამო თელია დაჯარიმებულია. აღნიშნულის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ არც ერთ განცხადებაში არ არის მითითებული და აქცენტი ყველგან მხოლოდ საიას თანამშრომლის სამართალდარღვევაზე კეთდება. უფრო მეტიც, შსს-ს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის მიცემულ კომენტარში ადგილი აქვს მცდელობას, დასაბუთდეს და გარკვეული გამართლება მოეძებნოს პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას.
 
თელიას მიერ მართვის მოწმობის არქონა არ არის ერთადერთი კანონდარღვევა, რასაც მისი მხრიდან ჰქონდა ადგილი. შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ არღვევს ის საგზაო მოძრაობის წესებს და როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას როინ ფარტენაძეს. ამის მიუხედავად, ამ ფაქტების გამო პოლიციის მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არავის უცნია და მისთვის მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელიც არავის შეუფარდებია, რომ არ ვისაუბროთ სისხლის სამართლის საქმეზე. 
 
განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღნიშნული ინციდენტის ამსახველი მტკიცებულების განადგურებას ფაქტს, რომლის ოფიციალური ვერსია ბევრ ეჭვს იწვევს. შსს-ს დასკვნის თანახმად,  „პოლიციის თანამშრომელი - გ. ს. მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ ,,ბათუმის სახლში", საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის ამოღება, რა დროსაც   გ. ს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა.“ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რომელთაც დაევალათ ამოღების განხორციელება წარმოადგენდნენ თელიას სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, რაც აჩენს კითხვებს მათ მიუკერძოებლობასთან მიმართებით. მტკიცებულებების განადგურების ფაქტის შეტყობისთანავე, საია ითხოვდა იმ ჩანაწერის ამოღებას, რომელზეც გ.ს-ს ობიექტში შესვლის ფაქტი იყო დაფიქსირებული. ამასთან, საინტერესოა, რომ გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული ჩანაწერის ამოსაღებად ისევ ის თანამშრომელი მიავლინა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ „დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება.“ მივიჩნევთ, რომ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის, სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებს, რაც საგამოძიებო ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. 
 
მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ტექნიკოს თანამშრომელს რამე გადაცდომა ჰქონდა თუ არა და წაეშალა თუ წაშალა ჩანაწერი, ეს არ არის მნიშვნელოვანი“. მივიჩნევთ, რომ ასეთი ფაქტების შეფასებისას მინისტრმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან მისი მხრიდან ამ საკითხის და მისი მნიშვნელობის იგნორირება, შესაძლოა, აღმოჩნდეს წამახალისებელი ფაქტორი პოლიციის სხვა თანამშრომლებისათვის. 
 
საყურადღებოდ მიგვაჩნია რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის მიერ  გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ბოლო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა მომართვიანობა, რომელშიც მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა მხრიდან მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ.“ ბოლო დროს გახმაურებულ არაერთ საქმეში (ბექა გოჩიაშვილის საქმე, ელდარ (ლუკა) კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ცემის ფაქტი, თენგიზ გუნავას საქმე), სადაც შსს-ს მაღალჩინოსნები თუ რიგითი თანამშრომლები ფიგურირებდნენ, კითხვებს ბადებდა მათი ქმედებების კანონიერება. სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული გზავნილი პრობლემის მასშტაბურობასა და სისტემურობაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ასეთი განცხადებები საკმარისი სერიოზულობით იქნეს აღქმული და გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები პრობლემის დროული მოგვარებისათვის. 
ვაცნობიერებთ, რომ ასეთი სამწუხარო ფაქტების სრული პრევენცია შესაძლებელი არ არის და არსებობს თანამშრომლების მხრიდან ინდივიდუალური გადაცდომების ჩადენის ალბათობა. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორედ ის, თუ როგორ რეაგირებს სისტემა მსგავს შემთხვევებზე. წინამდებარე საქმე და შსს-ს მუშაობის ბოლოდროინდელი პრაქტიკა მოწმობს, რომ სისტემის გამოწვევად კვლავ რჩება მაღალჩინოსნების მიერ კანონდარღვევის ფაქტებზე ობიექტური, დროული, ეფექტური რეაგირება. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge