საია მხარს უჭერს მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას

16 ნოემბერს, 12:00 საათზე საია მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.

საინიციატივო ჯგუფის მიერ 2010 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ მოდგომას მედია სფეროში პლურალისტური გარემოს შექმნის უზრუნველყოფისათვის.

იმავე დღეს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი წინადადებების საპირწონედ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი. სამწუხაროდ, აღნიშნული ვერსია სრულყოფილად არ ასახავს მედია სფეროში რეალურად არსებულ პრობლემებს და არ გვთავაზობს მათი გადაჭრის კონკრეტულ, პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებულ მექანიზმებს.

საია ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, მოხდეს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემური გადახედვა და სრულყოფა.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საინიციატივო ჯგუფის წინადადება უფრო მეტად უზრუნველყოფს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, შემდეგი გარემოებების გამო:

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტისგან განსხვავებით, მედიაექსპერტების მომზადებული წინადადებები უზრუნველყოფს:

1.    მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების გამჭვირვალობას მისი უკანასკნელი ბენეფიციარების დონემდე;
2.    მაუწყებლობის სფეროში მფლობელობის კონცენტრაციის რეალურ დაუშვებლობას;
3.    საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;
4.    იმ საჯარო მოსამსახურეთა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც არღვევენ  ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნებს;
5.    ინფორმაციის გაცემისათვის და ამავე საკითხებზე სარჩელებს განხილვის ვადების მაქსიმალურად შემცირებას.

საია დახმარებას აღმოუჩენს მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფს წარდგენილი წინადადებების ლობირებაში.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge