საია მიესალმება მე-7 დაწესებულების გაუქმებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების გაუქმებას. მრავალი წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე, სახალხო დამცველი, მიუთითებდა, რომ მე-7 დაწესებულებაში არსებული პირობები ვერ პასუხობდა მინიმალურ სტანდარტებს.

საია მე-7 დაწესებულებაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად 3 მსჯავრდებულის სახელით, ასევე, აწარმოებდა სასამართლო დავას, რომელიც რამდენიმე თვის წინ სამივე ინსტანციის სასამართლოს ჩათვლით, წარმატებით დასრულდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო მოსარჩელეებისათვის სასჯელის სათანადო პირობებში მოხდა. კერძოდ:

- იმგვარ საკანში განთავსება, რომელსაც ექნებოდა იმ ზომისა და ფორმის ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფდა საკანში საკმარისი მოცულობის ჟანგბადისა და დღის განათების შეღწევას;

- იმგვარ საკანში განთავსება, სადაც ბუნებრივ ვენტილაციასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნებოდა ხელოვნური ვენტილაცია;

- იმგვარ საკანში განთავსება, სადაც არსებული საპირფარეშო იქნებოდა იზოლირებული საცხოვრებელი სივრციდან.

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ დაწესებულებას უნდა გააჩნდეს საშრობი, სამედიცინო პუნქტი და სასეირნო ეზო, რომლის ადგილმდებარეობა და ზომა უზრუნველყოფდა მასში პატიმართა რეკრიაციისათვის აუცილებელი რაოდენობის ჰაერისა და მზის სხივის შეღწევადობას.

მე-7 დაწესებულებაში  ბოლო პერიოდში 13 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge