საია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

ყოველწლიურად 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი ქმედებების წახალისებაა.[1]მას საფუძველი 1972 წლის სტოკჰოლმის კონფერენციაზე ჩაეყარა. ეს კონფერენცია იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უშუალოდ გარემოს დაცვის საკითხებს მიუძღვნა.[2] სწორედ აქ აღიარა მსოფლიომ, რომ გარემოსდაცვითი პრობლემები, მათ შორის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, უშუალოდ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, მის ღირსეულ არსებობას, განვითარებას და მთელი რიგი სხვა ფუნდამენტური უფლებებით სათანადოდ სარგებლობას.[3] ამ კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციით გარემოს დაცვა და მისი შენარჩუნება ქვეყნებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრა და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის შექმნა, მისი დანერგვა და მდგრადი განვითარება საერთაშორისო დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება დღესდღეობით უკვე მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად იქცა და ის 2021 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებადაც აღიარა.[4]

სტოკჰოლმის კონფერენციაზე განსაზღვრული მიზნების მიღწევა, გარემოს სათანადო დაცვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მსოფლიო ისეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების განადგურება, ადამიანის არსებობისთვის საჭირო გარემოს უკიდურესი დაბინძურება და სხვა. შესაბამისად, დღეს, ისე, როგორც არასდროს უმნიშვნელოვანესია თითოეული ქვეყნის როლი გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების კუთხით და საჭიროა მათ მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ეფექტიანი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება და ამ სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების იმპლემენტაცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას და ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.[5]

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით საქართველომ მუშაობა დაიწყო და გარკვეული ტიპის ცვლილებები შევიდა გარემოსდაცვით კანონმდებლობაში, ქვეყანა კვლავ დგას არსებითი გამოწვევების წინაშე, რაც გასულ და მიმდინარე წლებშიც ნათლად გამოჩნდა. 

საქართველოსთვის გარემოსდაცვითი კუთხით უმნიშვნელოვანესია ინსტიტუციური მოწყობის საკითხი, რათა სათანადოდ დაინერგოს კარგი გარემოსდაცვითი მმართველობა. თუმცა, დღესდღოებით ქვეყანა ამ მხრივ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესული ბოლოდროინდელი ცვლილება, რომლითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი სრულად გადადის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სტრატეგიულ დოკუმენტებზე დასკვნის გაცემის უფლებამოსილებების სრულად დელეგირება.[6] ეს ცვლილება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, შესწავლილი და შინაარსობრივად გაანალიზებული არ იყო სხვა ქვეყნების მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა, რაც შესაძლებელს გახდიდა იმის შეფასებას, თუ რამდენად ეფექტიანი იქნებოდა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მსგავსი ორგანოსთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დელეგირება; შეფასებული და გაანალიზებული არ იყო ის კორუფციული და ინტერესთა კონფლიქტის მომეტებული საფრთხეები, რომლებსაც მსგავსი უფლებამოსილების ისეთი სააგენტოსთვის დელეგირება წარმოქმნის, რომელსაც თავისი კომერციული ინტერესები გააჩნია. პრობლემური იყო ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი და შინაარსობრივი მონაწილეობა. დაპირების მიუხედავად, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცალკეულ ცვლილებებთან დაკავშირებით არ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რათა კანონპროექტი დეტალურად განხილულიყო, პასუხი გასცემოდა ყველა იმ კითხვასა და საფუძვლიან შიშს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ ცვლილებებთან მიმართებით და აღმოფხვრილიყო ის არაერთი ხარვეზი, რომელიც კანონპროექტს გააჩნდა. 

დღესდღეობით საქართველოში, ასევე, განსაკუთრებით ყურადსაღებია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორცილების დროს ადამიანის უფლებათა გაუთვალისწინებლობა და მათი დარღვევის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიიღო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელმაც განსაზღვრა ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსგავსი პროექტების განხორცილების დროს, პრაქტიკაში პრობლემურია მათი ეფექტურად აღსრულება და ირღვევა მთელი რიგი წესები. 

სწორედ ამ კუთხით, არსებითი დარღვევები გამოვლინდა „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის დაგეგმვისა და განხორცილების ეტაპებზე. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დარღვევებით წარიმართა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესი.[7] კონკრეტულად კი, საჯარო განხილვების ორგანიზებისა და მიმდინარეობის პროცესში უხეშად დაირღვა  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“, „საჯარო განხილვის წესის“ და ორჰუსის კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები - ბევრ დაინტერესებულ პირს საშუალება არ მიეცა, დასწრებოდნენ მას ან მიეღოთ მასში არა მხოლოდ ფორმალური, არამედ ეფექტიანი და შინაარსობრივი მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი კანონდარღვევებით გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტზე; კომპანია შპს „ენკა  რინიუებზლიმ“ არ წარმოადგინა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული მთელი რიგი კვლევები, რომლებითაც უნდა შეფასებულიყო პროექტის გავლენა გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ ფასეულობებზე.[8]მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და კომპანიას ამ კვლევების პოსტ-ფაქტუმ წარმოდგენა დაავალა, რაც კანონის მოთხოვნების არსებით დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, კომპანიამ არც შემდგომ შეასრულა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. აგრეთვე, საგულისხმოა, რომ არაერთგზის დაირღვა ამ პროექტის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მონაწილე პირთა შეკრების, მანიფესტაციის, თავისუფალი გადაადგილებისა და ინფორმაციის გავრცელების უფლებებიც.[9]

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესმა მართლმსაჯულების კუთხითაც გამოავლინა პრობლემები. „საიამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ ადგილობრივების ინტერესების დასაცავად  ჯერ კიდევ 2020 წლის 06 აპრილს მიმართეს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც  ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.  თუმცა, სასამართლოს დღემდე მოსამზადებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული გამოწვევები მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით ეფექტურად სარგებლობის კუთხით. 

ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისიც, რომ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მსგავსი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. სწორედ ამ გეგმის შემუშავება წარმოადგენდა „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეთა და ამ პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას იმ წინასამედიაციო პროცესის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფოსა და მათ შორის გაიმართა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით.[10]ამ პროცესის ფარგლებში, 2021 წლის ბოლოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო ამ გეგმის განხილვა დაინტერსებული პირების ჩართულობით. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აუცილებელია, რომ ეს პროცესი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათის და სახელმწიფომ რეალურად უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა შინაარსობრივი და ეფექტური ჩართულობა, გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები და სათანადო, დასაბუთებული პასუხი გასცეს ყველა კითხვას.  

ყოველივე ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ დღესდღეობით საქართველო გარემოს დაცვის სფეროში მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე  დგას. ამ კუთხით სახელმწიფოს ქმედებები ხშირად არაკანონიერია და არღვევს პირთა მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს. კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბებისა  და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის კი აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დაიცვას პირთა უფლებები, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციითა და ორჰუსის კონვენციით განსაზღვრული პროცედურული უფლებები, და საზოგადოებასთან, დაინტერესებულ პირებთან აქტიური თანამშრომლობითა და მათი შინაარსობრივი ჩართულობით მიიღოს მნიშვნელოვანი ინსტიტუციური თუ სხვა ტიპის ცვლილებები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება გარემოს დაცვასა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით სათანადოდ სარგებლობას. 

 


[1]“World Environment Day“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3t9xAbf, ბოლო ნახვა: 31.05.2022. 

[2]“United Nations Conference on the Human Environment, 5-16 June 1972, Stockholm”, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3M5pgzK, ბოლო ნახვა: 31.05.2022.

[3]“Declaration of the United Nations Conference on the Human Environment”, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NHH9pG, ბოლო ნახვა: 31.05.2022.

[4]“Access to a healthy environment, declared a human right by UN rights council“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lWL5Ho, ბოლო ნახვა: 31.05.2022.

[5]ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის [2014] OJ L 261/4 („ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xEqrTo, ბოლო ნახვა: 31.05.2022.

[6]“არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები უარყოფითად აფასებენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს“, საიას ვებგვერდი, 28.03.2022, https://bit.ly/3x2F40M, ბოლო ნახვა: 31.05.2022. 

 

[7]„განცხადება ნამახვანის ჰესის პროექტის საპროტესტო აქციის დაშლისა და “ენკას” მიერ სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ“, საიას ვებგვერდი, 02.02.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3o9ND6G, ბოლო ნახვა: 31.05.2022.  

[8]„საია და მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ“, საიას ვებგვერდი, 05.03.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3d7P5jQ, ბოლო ნახვა: 31.05.2022.  

[9]„საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან“, საიას ვებგვერდი, 12.04.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rqbhhm, ბოლო ნახვა: 31.05.2022; “დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები“, საიას ვებგვერდი, 03.04.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3IdjTOC, ბოლო ნახვა: 31.05.2022.

[10]„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანებიან“, საიას ვებგვერდი, 30.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3o5ZF0Z, ბოლო ნახვა: 31.05.2022.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge