საია განათლებისა სამინისტროსაგან #55-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ საარჩევნო აქტივობაში მოსწავლეთა ჩართვის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

2010 წლის 21 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა # 55-ე საჯარო სკოლის მიმართ ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების გატარება 2010 წლის 14 მაისს სკოლის სასადილოს გახსნისას, საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა წინსაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვისათვის.

ტელეკომპანიის ,,მაესტრო ” ეთერში გასული მასალიდან ყურადღებას იპყრობს #55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩაცმულობა. მათ აცვიათ თეთრი მაისური, რომელსაც წინა მხარეს წითელ ფერებში აწერია ,,მე მიყვარს თბილისი,” ხოლო უკანა მხარეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი „5“, ასევე წარწერა ,,ქალაქის მერი გიგი უგულავა.” კადრებში  ჩანს გოგონა, რომელსაც ახურავს თეთრი ქუდი, სადაც გამოსახულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი - „5“. გასაბერი ბურთებით ხელში ბავშვები მიხეილ სააკაშვილის დასხვედრად ემზადებიან. მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ ორი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო პრეზიდენტის დასახვედრად მზადებასთან დაკავშირებით. ვიდეომასალაში ასევე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული მაისური აცვია სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს შენობის შიგნით, ახლადგახსნილ სასადილოში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერი მაისურისა და ქუდების გამოყენებით მოხდა საწავლო პროცესის პოლიტიზაცია, ასევე დაირღვა პოლიტიკური გაერთიანებისაგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებლობის პრინციპი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან. საიას მტკიცებით, აღნიშნულ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება #55-ე საჯარო სკოლას, რომელიც იყო ღონისძიების ორგანიზატორი და ვალდებული იყო სასაკოლო ღონისძიებაზე აღეკვეთა ბავშვების მხრიდან პროპაგანდისტული ხასიათის საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენება.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge