საია ეხმიანება წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო ძალადობისა და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საიამ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების,  კამპანიისთვის ხელშეშლის და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს  ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.

საიამ მონიტორინგის ფარგლებში შეაფასა 9 ინციდენტი. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან:  4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, 2 - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 - კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 - ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 - პლატფორმა ,,აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიგურირებენ.  

არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ,   პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და აგიტაციის პროცესში ხელშეშლა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. თუმცა, ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ არის გაცემული.  

 

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტები

პერიოდი: 2024 წლის 1 აგვისტო - 2024 წლის 25 სექტემბერი

 

  1. თავდასხმა პარტია „ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე

პარტია „ახალის” თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას 11 აგვისტოს თავს დაესხნენ. ის სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში ხელი დაარტყა და შეაგინა.[1] მომხდარს ხმაური მოჰყვა.[2] მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერია.[3] გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე, რაც ძალადობას გულისხმობს.[4]

2024 წლის 27 აგვისტოს საიამ შსს-ს მიმართა და ამ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, ამ დროისათვის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.[5]

  1. თავდასხმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებზე

8 სექტემბერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც მათ თავს დაესხნენ.[6] კოალიციის წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, თქმით, ინცინდენტი ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.[7] კოალიციის განცხადებით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც.[8] პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მართალია ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.[9]  შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.[10]

საიას მოსაზრებით, ეს შემთხვევები, შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

  1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ანა წითლიძეზე თავდასხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით, 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ.[11] მისი თქმით, ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავად დეპუტატს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაზარალდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი,  ბექა ფარცვანია, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და მონაწილეობდა კამპანიაში.[12]

მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ანა წითლიძეს.[13] ასევე, ჩანს ფიზიკური დაპირისპირების კადრები.[14]

ფაქტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი. მან ჯერ განცხადება გაავრცელა სოციალურ მედიაში,[15] შემდგომ კი ბრიფინგი ჩანიშნა.[16] მისი განმარტებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იქ შეკრებილ დევნილებს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა.[17]

როგორც, საიასთვის გახდა ცნობილი, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე.[18]

4. პოლიციელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება

16 სექტემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ პარტიის წევრზე იძალადა.[19] ენმ-ს განცხადებით, ზურაბ აბაევი სასტიკად არის ნაცემი.[20] ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჯერ აბაევი სცემა, შემდეგ დააკავა.[21] მოგვიანებით, დაზიანებების გამო, იგი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.[22] შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარტიის წევრი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც აბაევმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.[23] შედეგად, იგი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის.[24] ამის საპირისპიროდ, დაკავებულის უფლებათა დამცველი და თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირება კი პოლიციელების მხრიდან დაზარალებულისთვის ფოტოების გადაღების გამო დაიწყო.[25] გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში შედგენილ ფორმა 100-ში წერია, რომ დაკავებულს აქვს ტვინის შერყევა, ასევე ფილტვების დაზიანებები.[26] დაზარალებულის ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის.[27]

აღნიშნული ქმედება შეიძლება შეიცადეს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს.[28] საიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა შესაბამის სამსახურს. ორგანიზაციას ჯერ პასუხი არ მიუღია.

წინასაარჩევნო კამპანიასა და სამოქალაქო აქტივიზმში ხელის შეშლა

1.პარტია „საქართველოსთვის” კამპანიის წარმოებისთვის ხელის შეშლა

2024 წლის 3 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის” ქალაქ ბათუმში მართავდა ამომრჩევლებთან შეხვედრას, რა დროსაც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა.[29] გავრცელებული ინფორმაციით, ეს პიროვნება მანუჩარ რიჟვაძე იყო, „ქართული ოცნების” აქტივისტი, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავი.[30] დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მანუჩარ რიჟვაძის თანმხლები პირები აგრეთვე იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების” კოორდინატორები.[31] ესენი არიან: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების” ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია - ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების” უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს „ოცნების” ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების” აქტივისტი).[32] რიჟვაძის თანმხლებმა პირებმა ვერბალური ფორმით შექმნეს დაძაბული გარემო და დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს.[33]

  1.  „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა

2024 წლის 13 სექტემბერს ქუთაისში ე.წ. „ავტო-ქარხნის დასახლებაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა ენმ-ს წარმომადგენელი - დიტო კვანტალიანი.[34] იგი აპროტესტებდა ,,ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რასაც მასსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. მისი ფეისბუქ-პოსტის მიხედვით, იგი მმართველი პარტიის „პროპაგანდას“ აპროტესტებდა, რასაც მასსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები შესაძლოა წარმოადგენდეს, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას.

 

  1. პლატფორმა „აირჩიე ევროპისთვის“ სამოქალაქო აქტივიზმში ხელშეშლა

პლატფორმა „აირჩიე ევროპას“ წარმომადგენლები 15 სექტემბერს რუსთავში აწარმოებდნენ შეხვედრებს.[35] მათ წინააღმდეგობა გაუწია „რუსთავი მოლის“ დაცვამ, რომელმაც არ მისცა  მოლში მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა.[36] დაცვის თქმით, აქტივისტებს კერძო ტერიტორიაზე ბროშურების დარიგების უფლება არ ჰქონდათ.[37] „აირჩიე ევროპას“ წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მოლის ტერიტორია არის საჯარო სივრცე და მათ იქ ბროშურების დარიგების უფლება ჰქონდათ.[38] მოლი წარმოადგენს სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენებულ ფართს, რომელში შესვლა არ საჭიროებს მისი მეპატრონის წინასწარ თანხმობას.[39]

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდგომ,  პლატფორმის წევრებმა რუსთავის ცენტრალურ პარკთან გადაინაცვლეს, სადაც მობილიზებულნი იყვნენ საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ მისცეს მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება.[40]

საჯარო სივრცეებში გადაადგილების ძალადობრივი ფორმებით შეზღუდვა, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა, აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს. არსებითად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ გაერთიანებებს ჰქონდეთ საშუალება დაუბრკოლებლად გამოხატონ თავიანთი აზრი.

 

 

სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანება

 

  1. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს მანქანა დაუზიანეს

8 სექტემბერს, ენმ-ს წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს მანქანა დაუზიანეს.[41] ინცინდენტი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა.[42] პარტიაში ვარაუდობენ, რომ ავტომობილი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაუზიანეს.[43] როგორც ენმ-ს წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ბესო ქართველიშვილი  დაზარალებულად ცნო.[44]

  1.  „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მანქანის დაზიანება

2024 წლის 15 სექტემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში დააზიანეს პარტია „ქართული ოცნების“ წევრისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას, ავტომობილი.[45] იგი სოფელ ლესიჭინეში წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში იმყოფებოდა და თვითონ ფაქტს არ შესწრებია.[46] იზორიას თქმით, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.[47]

მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. კერძოდ, ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტების უფლებას თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაატარონ მათი კამპანია.

აღნიშნული შემთხვევები შესაძლოა წარმოადგენდეს პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევებს.

 

 

 


[1] „სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ”, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი”, 2024 წლის 11 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/808788-samtrediashi-nika-melias-tavs-daesxnen, განახლებულია: 14.08.24.

[2] იქვე.

[3]  „მილევადი რეჟიმების საქციელია ნიკა მელიაზე თავდასხმა სამტრედიაში”, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება”, 2024 წლის 12 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/VVomp, განახლებულია: 14.08.24.

[4]  იქვე.

[5] შსს-ს 2024 წლის 18 სექტემბრის წერილი.

[6] „გრიგოლ გეგელიას თქმით, ქარელში თავს დაესხნენ „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელს”, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლების”, 2024 წლის 8 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33111613.html, განახლებულია: 11.09.24.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] „ძლიერი საქართველოს”' ცნობით, ქარელში აიპის თანამშრომელი და გამგებლის მოადგილის მეუღლე აქტივისტებს თავს დაესხნენ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდი, 2024 წლის 8 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/21803--dzlieri-saqarthvelos-cnobith-qarelshi-aipis-thanamshromeli-da-gamgeblis-moadgilis-meughle-aqtivistebs-thavs-daeskhnen, განახლებულია: 11.09.24.

[10] „გრიგოლ გეგელიას თქმით, ქარელში თავს დაესხნენ „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელს”, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება”, 2024 წლის 8 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33111613.html, განახლებულია: 11.09.24.

[11] „ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში თავს დაესხნენ „ოცნების” აქტივისტები”, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, 2024 წლის 19 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33126756.html, განახლებულია: 23.09.2024.

[12] იქვე.

[13] იქვე.

[14] იქვე.

[15] დავით კოდუას ოფიციალური Facebook გვერდი, 2024 წლის 19 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GDDavitKodua/posts/pfbid0eEQUokj7qQHLKW6QHxmtz74SRkJKrbmQWTs4i18L9TmzUffgzDNhp9PXUsnZuQmZl, განახლებულია: 23.09.24.

[16] დავით კოდუას ოფიციალური Facebook გვერდი, 2024 წლის, 20 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GDDavitKodua/videos/1299078917724581 , განახლებულია: 23.09.24.

[17] იქვე.

[18] „ჯერ თვითონ დაგვარტყეს - ენმ და "ქართული ოცნება" ძალადობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ”, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2024 წლის 20 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33127848.html?fbclid=IwY2xjawFji5JleHRuA2FlbQIxMAABHSxs8_d5v9SsIHfbSt6i5qM03VF0kK0ifjOB3398pg4aGY4RMl0WImLTBA_aem_sBp30m-o8ZCPyWqsSDycZg, განახლებულია: 27.09.24.

[19] „„ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მათი პარტიის წევრზე პოლიციამ იძალადა”, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება”, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33121886.html, განახლებულია: 18.09.24.

[20] „ოპოზიციის თქმით, ენმ-ის წევრი, ზურაბ აბაევი სასტიკადაა ნაცემი“, საინფორმაციო პორტალი „On.ge“, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://go.on.ge/3m5o, განახლებულია: 18.09.24.

[21] „„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრის დაკავების საქმე“, ტელეკომპანია ფორმულას იუთუბ გვერდი, 2024 წლის 17 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=U1JEjKCwF1Y, განახლებულია: 18.09.24.

[22] იქვე.

[23] „შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის” ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი ზურაბ აბაევი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/812352-shss-s-inpormaciit-nacionaluri-mozraobis-nazaladevis-shtabisa-da-aseve-komisiis-cevri-zurab-abaevi-gadamocmebis-miznit-sheacheres-ra-drosac-man-policielebs-cinaagmdegoba-gaucia, განახლებულია: 18.09.24.

[24] იქვე.

[25] „რატომ იძალადა პოლიციამ ზურაბ აბაევზე და რატომ იყვნენ ისინი დაკავების დროს სამოქალაქო ფორმით | ხაბეიშვილის შეკითხვებს პოლიცია ვერ პასუხობს“, ტელეკომპანია მთავარი არხი, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/165053-ratom-idzalada-politsiam-zurab-abaevze-ratom, განახლებულია: 18.09.24.

[26] „„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრის დაკავების საქმე“, ფორმულას იუთუბ გვერდი, 2024 წლის 17 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=U1JEjKCwF1Y, განახლებულია: 18.09.24.

[27] იქვე.

[28] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი.

[29] „ასე განაცდა ოცნება”, გიორგი გახარიას ოფიციალური Facebook გვერდი, 2024 წლის 3 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/8181816031885970/?ref=embed_video&t=7, განახლებულია: 14.08.24.

[30] „ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებამ” პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო - მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება” „ნაცმოძრაობის” მეთოდებს”, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი”, 2024 წლის 6 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/808262-natia-mezvrishvili-ocnebam-parlamentis-tavmjdomaris-mier-26-ivliss-daanonsebuli-mukaris-realizeba-da-saarchevno-kampaniis-xelsheshla-daicqo-mzime-sanaxavia-rogor-iqenebs-ocneba-nacmozraobis-metodebs/, განახლებულია: 15.08.24.

[31] იქვე.

[32] იქვე.

[33] „ასე განაცდა ოცნება”, გიორგი გახარიას ოფიციალური Facebook-გვერდი, 2024 წლის 3 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/8181816031885970/?ref=embed_video&t=7, განახლებულია: 14.08.24.

[34] „„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2024 წლის 14 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/812103-kartuli-ocnebis-inpormaciit-ertiani-nacionaluri-mozraobis-zonis-uprosi-dimitri-kvantaliani-kutaisshi-avtokarxnis-dasaxlebashi-mmartveli-partiis-shexvedris-chashlas-cdilobda/, განახლებულია: 27.09.24.

[35] „თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე - “აირჩიე ევროპას” წევრებს საჯარო მოხელეები დაახვედრეს”, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=qlxxcmc-iIw, განახლებულია: 17.09.24.

[36] იქვე.

[37] „„აირჩიე ევროპა” — ამჯერად კამპანია რუსთავში გრძელდება. კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირზე და დასავლურ ფასეულობებზე”, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?v=1091918275657019, განახლებულია: 17.09.24.

[38] იქვე.

[39] ლოლაძე, ბ., ფირცხალაშვილი, ა., ძირითადი უფლებები: კომენტარი, 2023, 331.

[40] იქვე.

[41] „ფავლენიშვილი: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრს ამბროლაურში მანქანა დაუზიანეს“, ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდი, 2024 წლის 8 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/116667, განახლებულია: 11.09.24.

[42] „რაჭაში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბესო ქართველიშვილს, ავტომობილი დაუზიანეს”, ტელეკომპანია მთავარის ვებგვერდი, 2024 წლის 8 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/164478-rachashi-ertianoba-natsionaluri-modzraobis-cevrs, განახლებულია: 11.09.24.

[43] „რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს“, საინფორმაციო პორტალი „newspost.ge“, 2024 წლის 8 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://newposts.ge/news/politica/rachashi-enm-s-tsevrs-avtomobili-dauzianes, განახლებულია: 11.09.24.

[44] იქვე.

[45] „„ქართული ოცნების” ინფორმაციით, ჩხოროწყუში, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა „ქართული ოცნების” ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია”, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი”, 2024 წლის 16 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/812310-kartuli-ocnebis-inpormaciit-chxorocqushi-koalicia-cvlilebistvis-cevrma-kartuli-ocnebis-adgilobrivi-saarchevno-shtabis-xelmzgvanels-avtomankana-kvebit-daumtvria/, განახლებულია: 23.09.2024.

[46] იქვე.

[47] იქვე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge