საია ეხმიანება სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს

13 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, სადაც  ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 87 დღეა  აპროტესტებს კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ  წიაღის მოპოვების შედეგად სოფლის ბუნებრივი და სოციალური გარემოსათვის მიყენებულ შეუქცევად ზიანს.   ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოსა და აღნიშნული კომპანიის მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების   იგნორირების გამო  სამმა ადგილობრივმა  პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.

შუქრუთის მცხოვრებთა განმარტებით კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად  გარემოს დაბინძურებამ შეუქცევადი სახე მიიღო.  სოფელში  ადგილობრივებისთვის ცხოვრება საფრთხის შემცველი გახდა, რადგან  მათი  სახლები კომპანიის საქმიანობით მიყენებული ზიანის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ასევე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწებს ვეღარ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან.   

ადგილობრივების განმარტებით,  ისინი წლების განმავლობაში ითხოვენ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზისაგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს აღნიშნული კომპანიის  საქმიანობის შედეგად დღემდე მიადგა. მათი მოსაზრებით  კომპანიის მიერ არ ხდება მიყენებული ზიანის ოდენობის სამართლიანად განსაზღვრა,  ასევე შეეზღუდათ  გამოხატვის თავისუფლებაც, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ  და პოლიციამ არ მისცათ   შესაძლებლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ გაეშალათ  საპროტესტო კარავი.   

მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ზომისა,   სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივთა  უფლებების სრული უგულვებელყოფა  ხდება და ისინი მარტო არიან დარჩენილი   წიაღის მომპოვებელი კომპანიის  პირისპირ, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას კვლავ თავს არიდებს და  წლების განმავლობაში უარს ამბობს მისი საქმიანობის შედეგად  დაზარალებული  მოსახლეობის კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. 

შესაბამისად, საია მოუწოდებს:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს :

- შექმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს  „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ  დაზარალებული მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

 შეამოწმოს   კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის  მოპოვების/ წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი; 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

- შუქრუთში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით. 

შუქრუთის მცხოვრებნი მათი მოთხოვნების მრავალგზის უგულვებელყოფის მიუხედავად, გეგმავენ პროტესტის გაგრძელებას, ვიდრე არ მიიღებენ  კომპანიის მხრიდან  მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციას და არ მიეცემათ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლას  და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ  შუქრუთის დაზარალებულ  მოსახლეობას გაუწიოს სამართლებრივი დახმარება სასამართლოში მათი ინტერესების დაცვის გზით. 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge