საია ეხმაურება პარლამენტში განსახილველ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ კანონის მიღების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტების განხილვა და მიღება გამჭვირვალობის სტანდარტების დარღვევით და დაინტერესებული პირების არასათანადო ჩართულობის პირობებში მიმდინარეობს, რასაც საია 20 დეკემბერს გავრცელებული საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელთა განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის მხოლოდ სამშაბათს იქნა მიღებული. 

განსახილველი კანონპროექტებიდან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებით ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტის პირვანდელი ვერსია გადამუშავდა, თუმცა, მასში მაინც რჩება არაერთი პრობლემატური საკითხი. 

პროექტის თანახმად, განისაზღვრა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების სტატუსი და მათი საქმიანობის წესი. როგორც კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარეობს, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებები არსებითად რელიგიურ ხასიათს ატარებენ და თავის საქმიანობას რელიგიური პრინციპების საფუძველზე განახორციელებენ. კანონპროექტი ახდენს აღნიშნული დაწესებულებების გამიჯვნას საერო სასწავლებლებისგან და მათ სახელმწიფოს მიერ კონტროლის/რეგულირებისს გარეთ ტოვებს. საღვთისმეტყველო დაწესებულებების ამგავრი რეგულაცია შეესაბამება, რელიგიურ სწავლებებში სახელმწიფოს ჩაურევლობისა და ეკლესიის ავტონომიის დაცვის მოთხოვნებს, თუმცა, მოცემული კანონპროექტი სერიოზულ შეკითხვებს აჩენს, სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონპროექტით დადგენილი შესაძლებლობა - დაარსდეს უმაღლესი საღვთისმეტყველო დაწესებულება შესაბამისი საშეღავათო პირობებით, თავის თავში მოიაზრებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებს, რაც თავისთავად არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომლთა მიერ დაფუძნებული საღვთისმეტყველო შინაარსის სასწავლებლები ვერ ისარგებლებენ მსგავსი სტატუსითა და შეღავათებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს სახელმწიფოს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სპეციალური რეგულირების გარეთ ტოვებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და შესაბამის შეღავათებსა და გარანტიებს არ ავრცელებს მათზე.

კანონპროექტის არსებული რედაქციით აღარ გვხვდება ჩანაწერი სახელმწიფო სასწავლო გრანტების საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტებზე გაცემის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა საბიუჯეტო რესურსების ცალსახად რელიგიური (მით უფრო მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის სასარგებლოდ), არასაერო მიზნებით ხარჯვის გამორიცხვისთვის. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობისა და სეკულარიზმის პრინციპის დაცვისთვის, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმებით. ამ მიმართებით, უნდა მიეთითოს, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას, არ შეიძლება გულისხმობდეს სახელმწიფო სახსრებით რელიგიური სწავლებებისა და საქმიანობის დაფინანსებას. კანონპროექტში ასახული აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ კანონმა უფრო ნათლად უნდა დაადგინოს აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო დაფინანსების სხვა ფორმით გამოყოფის აკრძალვის წესი, რათა გამორიცხულ იქნეს საბიუჯეტო დაფინანსების მიმართვა სასულიერო სწავლების დასაფინანსებლად, რაც თავისთავად არ შეიძლება წარმოადგენდეს საერო ინტერესს და საბიუჯერო დაფინანსების საგანს.

ამასთან, კითხვის ნიშნები ჩნდება ზოგიერთი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსთან და მასთან კავშირში გაცემული დიპლომის ხარისხთან მიმართებაში. კერძოდ, კანონპროექტში არ არის ნათელი საღვთისმეტყველო პროგრამებში მითითებული ზოგიერთი სასწავლო დისციპლინები (მაგალითისთვის თეოლოგია, ფსიქოლოგია) მხოლოდ საღვთისმეტყველო ხასიათის ატარებს, თუ მასში შეიძლება მოაზრებოდეს საერო დისციპლინები და საღვთისმეტყველო დაწესებულებაში განათლებამიღებულ პირებს (მაგალითისთვის მართლმადიდებლური თეოლოგიის, მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის სპეციალისტებს) ანიჭებს შესაძლებლობას დასაქმდნენ შესაბამისი პროფესიით და სხვა სპეციალისტებთან თანაბარ პირობებში გავიდნენ შრომით ბაზარზე. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით დგინდება საღვთისმეტყველო დაწესებულებებში ჩარიცხვის შეღავათიანი წესი და ამასთან, საღვთისმეტყველო სასწავლო პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან რაიმე რეგულაციის/სტანდარტიზაციის გარეთ არის მოქცეული, ამგავრი დაშვების გაკეთება დაუშვებელია და ის არღვევს თანასწორობისა (სხვა სტუდენტების) და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მოთხონებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანონმა მოახდინოს აღნიშნული საკითხის სათანადო და ნათელი რეგულაცია.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ უყაროს კენჭი კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას, გამოიყენოს შესაძლებლობა რათა დაბრუნდეს იგი მეორე მოსმენით განსახილველად და კენჭისყის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დაისვას, რაც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცემათ მის განხილვაში სათანადო მონაწილეობის შესაძლებლობა.
 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge