საია „ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის“ კონსტიტუციურობის დადგენას ითხოვს

2019 წლის 3 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საიას კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც გიორგი ბერუაშვილის სახელით არის შეტანილი. საია სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არასრულწლოვანის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვისათვის.

არც სისხლის სამართლის კოდექსი და არც სხვა საკანონმდებლო აქტი, არ განმარტავს რას ნიშნავს ანტისაზოგადოებრივი საქმიანობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა. ერთ-ერთი ასეთი განჩინებით, რომელიც 2007 წლის 6 ივლისს არის გამოტანილი, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში არასრულწლოვნის ჩაბმა. 2008 წლის 3 იანვარს უზენაესმა სასამართლომ მიიღო მეორე განჩინება. ამჯერად უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 171-ე მუხლით გათვალისწინებული ანტისაზოგადოებრივი ქმედება უკავშირდებოდა არა დანაშაულში არასრულწლოვანის ჩართვას, არამედ ისეთ ანტისაზოგადოებრივ ქმედებას, რაც დანაშაულთან არ არის დაკავშირებული (მაგალითად, არასრულწლოვნის ჩართვა აზარტულ თამაშებში).

საიას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არ არის განჭვრეტადი და შესაბამისად, არ შეესაბამება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის წაყენებული განჭვრეტადობის მოთხოვნებს. სადავო ნორმა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის, რაც საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს სხვა განჭვრეტადი საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც იკრძალება არასრულწლოვანის წაქეზება დანაშაულის ჩასადენად. ასევე არსებობს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების ნორმები, რომლებიც სრულწლოვან პირებს უკრძალავს ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფას, მისთვის სიგარეტის, ალკოჰოლური სასმელების მიყიდვას, აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანის ჩართვას. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერც კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ბავშვის ინტერესებს იცავს და სხვების მიმართაც შეიცავს შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების საფრთხეს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge