საია 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დაშლის ფაქტს აპროტესტებს

2011 წლის 3 იანვარს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლება ძალის გამოყენებით დაშალეს თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია და დააკავეს აქციის მონაწილე რამდენიმე პირი.

ომის ვეტერანების მიერ  ორგანიზებული აქცია 2010 წლის 27 დეკემბრიდან მიმდინარეობდა და სრულად შეესაბამებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის ფარგლებში არ იგეგმებოდა არც სავალი ნაწილის ბლოკირება, აქციის ორგანიზატორებმა 2010 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართეს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციას და შეატყობინეს დაგეგმილი აქციის შესახებ.

სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიოდეო ჩანაწერებიდან ცალსახად ირკვევა, რომ აქციის მონაწილეები მოქმედებდნენ კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში და მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებდნენ საკუთარ მოთხოვნებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით და აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით დაშალეს მშვიდობიანი შეკრება. ტელეკომპანია „კავკასიის“ მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ირკვევა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ფიზიკურად უსწორდებიან შეკრების მონაწილეებს და აკავებენ პირებს, რომელთა ქმედებაში არ ფიქსირდება კანონდარღვევა და არც სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევას აქვს ადგილი.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უხეშად დაარღვის კანონი, ვინაიდან:

1. შეკრების მონაწილეები მოქმედებნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი მხრიდან არ ქონია ადგილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი აქციის დაშლისათვის;
2. როგორც თავად აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შეკრების შეწყვეტის შესახებ არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მითითება, რაც კანონმდებლობის თანახმად აუცილებლად უნდა იყოს აქციის შეწყვეტის მოთხოვნის წინაპირობა;
3. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება;
4. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს და აკავებდნენ მოქალაქეებს მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირების ქმედებაში არ ფიქსირდებოდა დაკავების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ძალის გადამეტებით დაშალეს 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია, რაც ერთის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრეკრების უფლების უკანონო შეზღუდვას, ხოლო მეორეს მხრივ, კვალიფიცირდება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურატურას,  შეისწავლონ და გამოიძიონ 2011 წლის 3 იანვარს ომის ვეტერანთა აქციასთან მიმართებით განვითარებული მოვლენები და დააყენონ იმ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოხდა აქციის დაშლა, ასევე იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა აქციის დაშლაში და გადაამეტეს მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge