საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუშინ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

გუშინ, 26 დეკემბერს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება განიხილებოდა,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლებლობა, ბანერების დემონსტრირების გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი უხმო პროტესტი მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოფენილ ბანერებზე ეწერა: „ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის“, „დაიცავით დაცვის უფლება“ და „უთხარით უარი გადავადებას“. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციების წარმომადგენლების ქმედება პარლამენტის საქმიანობას არ აფერხებდა, მანდატურებმა თვითნებურად და უხეში ფორმებით ჩამოხსნეს პლაკატები და ჩვენი წარმომადგენლები აიძულეს დარბაზი დაეტოვებინათ. ჩვენი თანამშრომლების დარბაზიდან გაყვანის ფონზე, პლენარული სხდომის თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სტუმრებმა ბანერების გადმოფენისთვის სპეციალური ნებართვა წინასწარ უნდა აიღონ.

 

გვსურს, განვმარტოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა”  და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები მოქმედებდნენ კონსტიტუციის 24–ე და 25-ე მუხლებით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებში, რომლებიც მოიცავენ აზრის გამოთქმისა და გავრცელების უფლებას ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით, ასევე, მშვიდობიან შეკრებას როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ჩვენს წარმომადგენლებს არ დაურღვევიათ კანონის მოთხოვნები და წესრიგი პლენარული სხდომის მიმდინარეობისას და არ შეუშლიათ ხელი პარლამენტისა თუ პარლამენტის წევრისათვის სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაში. ისინი სარგებლობდნენ კანონპროექტისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის შესაძლებლობით, რომელიც, გამოხატული პროტესტის ფორმების გათვალისწინებით, სრულადაა დაცული კანონპროექტების განხილვის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 290-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ეს აკრძალულია, წარმოადგენს კენჭისყრის პროცედურა. აღნიშნული ნორმის თანახმად კენჭისყრისას სხდომაზე დამსწრე პირმა თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. ჩვენი ორგანიზაციების პროტესტს კი ადგილი ჰქონდა კენჭისყრამდე სულ მცირე 2 საათით ადრე. მიუხედავად აღნიშნულისა, სხდომის თავმჯდომარემ, ქალბატონმა კობახიძემ არასწორად მიუთითა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლების მხრიდან რეგლამენტის დარღვევას ჰქონდა ადგილი. პარლამენტის მანდატურის სამსახურმა დააზიანა ჩვენი ორგანიზაციების საპროტესტო ბანერები და აიძულა ჩენი წარმომადგენლები დაეტოვებინათ დარბაზი. 

 

გარდა ამისა, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი მკაცრად განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც საპროტესტო აქციის ჩატარება დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტი არ შედის ამ დაწესებულებების ჩამონათვალში. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მეოთხე პუნქტით ადმინისტრაციულ ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში პარლამენტსაც) უფლება აქვს მოითხოვოს შეკრების ჩატარება შენობიდან მოშორებით, თუკი ის იწვევს შენობის ბლოკირებას ან დაწესებულების საქმიანობის შეფერხებას. ქალბატონ მანანა კობახიძეს არ დაუსაბუთებია ის, რომ პარლამენტის შენობაში გამოკრული პალაკატები ხელს უშლიდა პარლამენტის შეუფერხებელ საქმიანობას. 

 

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა თუ ზოგადად, კანონმდებლობის იმგვარად ინტერპრეტირება, რაც ხელს შეუშლის პარლამენტის საქმიანობაში ჩართული მხარეების განსხვავებული აზრის გამოხატვას. ასევე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლური ღირებულებების იგნორირება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეში შელახვა. 

 

სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინციატივის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია საკომიტეტო მოსმენებზეც დააფიქსირეს. გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ რამდენჯერმე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას არ გადაევადებინათ მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება. მიუხედავად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების არაერთი მოწოდებისა, პარლამენტმა მაინც უყარა კენჭი მთავრობის ინიციატივას და მოწმის დაკითხვის ახალი პროგრესული წესი 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა. 

 

სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტმა ყურადღება არ მიაქცია არასამთავრობო სექტორის შეშფოთებას და არ გაითვალისწინა არც ერთი რეკომენდაცია. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება უკიდურესად უარყოფითად აისახება ქვეყნაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით და გაუმართლებლად გაახანგრძლივებს სისხლის სამართლის პროცესში მხარეების არათანასწორ მდგომარეობას. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ დაუშვას უსამართლო ნორმების მოქმედების გახანგრძლივება.  




 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge