რატომ ვირჩევ?

80 დღეში საქართველოში, უკვე მერამდენეჯერ მოგვიწევს „მნიშვნელოვანი“ არჩევანის გაკეთება, წინ დიდი საპარლამენტო არჩევნები  გველის .

მე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნები თითქმის ყოველ წელს ტარდება და ყოველი არჩევნების წინ ჩემი ქალაქი აჭრელებულია  სხვადასხვა სახის წინასაარჩევნო სლოგანებით და პოსტერებით, რომელებიც იცვლება ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის მიხედვით. ჯერ კიდევ, 1992 წელს წინა საარჩევნო სლოგანი იყო „ საქართველო უპირველეს ყოვლისა„ რასაც მოჰყვა - „კეთილდღეობა თქვენ ოჯახებს“,  „ძალა ერთობაშია“. იყო შემდეგი სახის სლოგანებიც „საქართველო სიღარიბის გარეშე“  „მომავალი ჩვენს ხელშია“  და ასე შემდეგ.  სლოგანების თუ პოსტერების  სიმრავლესთან ერთად დიდი არჩევანი გვქონდა და გვაქვს პარტიების  არჩევის დროსაც, შესაბამისად მნიშვნელოვანი ვიცოდეთ  - რატომ ვირჩევთ?!

ბოლო რამდენიმე წელია ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებს ვაკვირდები, რომელიც როგორც ყოველთვის დაძაბულ  ვითარებაში მიმდინარეობს, ამის დანახვა კი ძალიან ადვილად შესაძლებელია სახლში, ქუჩაში, სამარშუტო ტაქსიში თუ ბირჟაზე.

სამსახურში წამოსვლის დროს, როგორც ყოველთვის სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობ და თითქმის ყოველ დილით მიწევს პოლიტიკური დებატების მოსმენა. განიხილავენ წინა დღის რომელიმე პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ან რომელიმე პოლიტიკურ გადაცემაში მომხდარ დაპირისპირებას. ზოგი ცდილობს ყოველივე, მათი სოციალური პრობლების მოგვარებას დაუკავშიროს, ზოგს ყოველივე მორიგი პოლიტიკური ფარსი ჰგონია და მთელი ოცი წუთი მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა მოხდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ ყოველივეს თან ახლავს მძღოლის ირონიული წამოძახილი - „აი თქვენი 2012 წლის არჩევანი!“ რომელსაც მოჰყვება იმის განხილვა თუ რა იყო 2003 დან 2012 წლამდე საქართველოში.

როგორც ავღნიშნე,  წლებია არჩევნებს ვაკვირდები, ვისმენ ჩემი თანაქალაქელების პოზიციას და ვხვდები, რომ არჩევნებში  მოქალაქეების არჩევანზე დიდ  გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პარტიის იდეოლოგია და პროგრამა,  არც პარტიების სლოგანები და პოსტები ახდენენ ზეგავლენას  და არც რეკლამები რომლებზეც სოლიდური თანხები იხარჯება,  მაგრამ ჩვენ მაინც ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენ მაინც ვირჩევთ  პარტიას და მათ ლიდერებს.  

თავიდანვე უნდა ვახსენო, რომ ქალაქი სადაც მე ცხოვრობ, არც ისე დიდია, მაგრამ დიდი სტუმართ მოყვრე და ემოციით აღსავსე ხალხი ცხოვრობს. მე ვცხოვრობ  ქალაქში, სადაც, ოჯახის წევრის, მეგობრის, ახლო ნათესავის თუ მეზობლის  მხარდაჭერას დიდ ყურადღებას უთმობენ .  მხარდაჭერაზე, მეგობრობაზე, მეზობლებზე და ურთიერთ პატივისცემაზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინა საარჩევნოდ. ნუ გაგიკვირდება თუ წინა საარჩევნო პერიოდში  დიდი ხნის წინ „დაკარგული“ მეგობარი მოგიკითხავს  და  ძველ ლამაზ დღეებს გაგახსენებს, ნურც ის გაგიკვირდება თუ საღამოს „ცივ ლუდზე დაგვპატიჟებს“, არც ის უნდა  გაგიკვირდეს თუ მეზობელმა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც წვიმიან ამინდში „პრადოთი“ გვერდით ჩაგიარა  და ვერ  შეგამჩნია,  დღეს სახლში გეპატიჟება და ინტერესდება მუშაობ თუ არა. ყოველივე იმიტომ ხდება, რომ წინ დიდი საპარლამენტო არჩევნები გელოდება, სადაც შენი ხმა "დაკარგული მეგობრისთვის" და პრადოთი მოძრავი მეზობლისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს. წინა საარჩევნოდ იწყება ფარული  თუ აშკარა ბრძოლა შენი, ჩემი და ჩვენი ხმების მოპოვებისთვის და ამ ბრძოლაში აქტუალური არის, არა  მარტო პოლიტიკური პარტიის იდეოლოგია, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არჩევანი სწორედ ამის მიხედვით უნდა კეთდებოდეს, არამედ მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ შენი ხმა სჭირდება მეგობარს, რომელსაც არც კი ახსოვდა შენი არსებობა, მეზობელს- რომელმაც არ კი შეგამჩნია, როდესაც  ჩაგიარა.....  

ჩემს ქალაქში წინასაარჩევნოდ, არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მძიმე სოციალური ფონიც, რა დროსაც კვლავ მნიშვნელოვანი ხდება არა პოლიტიკური პარტიის პროგრამა „საქართველო სიღარიბის გარეშე“, „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ და ა.შ, არამედ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭირო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ  მეგობარს, მეზობელს თუ ნათესავს, რომელიც  არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიებიდან თუ ლიდერებიდან იღებენ მიზერულ თანხას წინასაარჩევნოდ გაწეული დახმარებისათვის. ამ ადამიანებისგან ხშირად გაიგებთ შემდეგი სახის დიალოგს „არჩევნებზე როცა წამოხვალთ, „ჩემს“ პარტიას დაუჭირეთ მხარი, იცი დაპირდნენ, რომ სამსახურს დამაწყებინებენ,“, რაზეც როგორც ყოველთვის მოისმენთ შემდეგ პასუხს -  „შენ თუ ჩემი ხმა რამეში გამოგადგება მითხარი  და აუცილებლად მივცემ ხმას “შენს“  პარტიას“. არჩვენების დღის დასრულების შემდგ არც სამსახური ჩანს  და არც ის ახსოვთ  თუ რის გამო მისცეს ხმა.

ყოველი არჩვენების დასრულების შემდეგ  უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ყოველი ჩვენი არჩევანი  იქნება მცდარი სანამ არ გავათვითცნობიერებთ და  არჩევანის წინ არ დაუსვათ საკუთრ თავს შეკითხვის რატომ ვირჩევ?  მე მინდა , რომ ჩემი,შენი,ჩვენი არჩევანი იყოს დამოკიდებული არა არჩევნების დღეს მატერიალური შემოსავლის მიღებაზე ან/და მეგობრობაზე, არამედ იმაზე თუ რამდენად მისაღები და რეალურია ის პოლიტიკური  იდეოლოგია და პროგრამა რომელსაც გვთავაზობენ.

სულ მალე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია და ჩემი თანაქალაქელთა უმრავლესობა ხმას კვლავ საკუთარ ძმას, მეგობარს,  მეზობელს ან/და ნათესავს   მისცემს, რომელმაც წინა საარჩევნოდ   რომელიმე პარტიის კოორდინატორი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ოჯახს, თუნდაც რამდენიმე დღის შემოსავლის წყარო ჰქონოდა.  ეს ის მომენტია როდესაც ჩემი მეგობრის, მეზობლის, ნათესავის   მცდარი არჩევანის კრიტიკა მიჭირს.

ჯემალ ჭკადუა საიას ზუგდიდის ოფისის  იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge