პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია

2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის  „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა  პროექტის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ერთობრივი რეკომენდაციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავები, გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველთა  მოსყიდვა, მედია რეგულაციები და სხვა. პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

იმისათვის, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ცნობიერება საიასა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების საარჩევნო რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საქართველოს 8 დიდ ქალაქში: ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და დუშეთი ჩატარდა მრგვალი მაგიდები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, პოლიტიკური გაერთიანებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების ჭრილში შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე. ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, აღნიშნულ შეხვედრებზე გაიმართა დისკუსიები, სადაც ნათლად წარმოჩინდა ადგილობრივი საზოგადოების ხედვა და განწყობები საარჩევნო რეფორმის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესმა გამოიწვია, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა.

მრგვალი მაგიდების ჩატარების პარალელურად, საიას ორგანიზებით, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის - ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი ტელევიზიებში შედგა სატელევიზიო გადაცემები, რომელშიც აქტიურ მოქალაქეებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა და დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED)-ის მხარდაჭერით და მისი მიზანია საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია და ის 2016 წლის მარტის ბოლოს დასრულდება.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge