პოლიციელთა მხრიდან ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე დღემდე ბრალდებულად არავინაა ცნობილი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვაკე -საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, პოლიციელები მისგან იმ დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ, რომელიც მას არ ჩაუდენია, პარალელურად ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პოლიციელებმა ირაკლი ხოფერია მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს.

დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც პირდაპირ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, გამოძიების მიერ უტყუარადაა დადგენილი:

- ირაკლი ხოფერიამ დაზიანებები სწორედ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში, პოლიციელთა კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო;

- ირაკლი ხოფერიას სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზებისა და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით;

- პოლიციის იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომელთა მხრიდანაც ირაკლი ხოფერია დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. აღნიშნული დასტურდება გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ამოცნობის ოქმისა და სხვა მტკიცებულებებით;

- ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მხრიდან გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემისა და მათი მხრიდან მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტი. აღნიშნული 2017 წლის 16 თებერვლით დათარიღებული ირაკლი ხოფერიას გამოკითხვის ოქმის შედგენის დროისა და კომპიუტერული მონაცემების შედეგების შედარებით დასტურდება.

გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს პოლიციელთა მიმართ ბრალის წასაყენებლად. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღემდე არ ახორციელებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას შესაბამისი პირების მიმართ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი ხოფერიას მიმართ ჩადენილი წამებისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge