პარლამენტის ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება და საქმიანობა

 

პარლამენტის ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება და საქმიანობა[1]

2019 წლის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე პროცესები ნდობის ჯგუფის საქმიანობაზეც აისახა: ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელია, რომელიც მის შემადგენლობაში მმართველი გუნდის კვოტით შედიოდა, 2019 წლის 25 თებერვალს უმრავლესობიდან გავიდა; ამასთან, 2019 წლის 11 მარტს უმცირესობა დაიშალა და მექანიზმს ამ კვოტით წარდგენილი წევრი ირაკლი აბესაძე გამოაკლდა. შესაბამისმა სუბიექტებმა ვაკანსიები არ შეავსეს, რის გამოც, 2019 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე აღნიშნული ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა. ნდობის ჯგუფმა ახალი შემადგენლობით მუშაობა 2019 წლის 26 სექტემბერს განაახლა,[2] პირველივე სხდომაზე განიხილა საორგანიზაციო საკითხები და სამომავლო საქმიანობის გეგმები დასახა.[3] ქვემოთ წარმოდგენილია მონაცემები, რომლებიც 2020 წლის 3 თებერვლამდე - მისი მუშაობის მცირე პერიოდში აღირიცხა.

ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, მის საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს ზედამხედველობს,[4] თუმცა, ამ ინსტიტუტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები არსებობს. მაგალითად, მისი ვიზიტების შესახებ შესაბამის ორგანოებს წინასწარ ეცნობებათ,[5] რაც მონიტორინგის ეფექტიანობას არსებითად ამცირებს; ამასთან, არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებს ეხება;[6] ხოლო ოტს-თან მიმართებით მანდატი იმდენად ვიწროა, რომ ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, საპარლამენტო კონტროლის აღნიშნული ინსტრუმენტის ფარგლებს მიღმა რჩება.  

რეგლამენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ ორგანოებს[7] ავალდებულებს, ნდობის ჯგუფს წარუდგინონ წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებები. რაც შეეხება ოტს-ს, მას  გაწეული საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიშის მიწოდება ევალება.[8] 2018 წელს[9] ამ ნორმის აღსრულებას წინაღობა არ ჰქონია.[10]

რეგლამენტის თანახმად, ნდობის ჯგუფს წინასწარ უნდა წარედგინოს დეტალური ინფორმაცია განსახორციელებელი ზოგიერთი ტიპის საიდუმლო შესყიდვების შესახებ[11] (რაც, კვლევის პერიოდში, თავდაცვის სამინისტრომ 12-ჯერ, ხოლო შსს-მ და სდსს-მა თითოჯერ წარადგინეს[12]), ასევე, წელიწადში არანაკლებ ერთხელ - მონაცემები ყველა ამგვარი განხორციელებული და მიმდინარე აქტივობის თაობაზე[13] (ეს ვალდებულებაც ყველა ორგანომ შეასრულა[14]).

გარდა ზემოაღნიშნულისა, უწყებები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შემთხვევაში გასცენ ნებისმიერი ინფორმაცია.[15] შსს და თავდაცვის სამინისტრო ასეც მოიქცნენ.[16]  აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი არ ადგენს მონაცემების გამოთხოვნის შემდეგ პასუხის გაცემის ვადას. რეკომენდირებულია, რეგლამენტმა ასეთად დეპუტატის კითხვაზე დადგენილი ვადა განსაზღვროს.

შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, ნდობის ჯგუფს უარი უთხრას მიმდინარე საქმეებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, თუ მიიჩნევს, რომ ამით რისკის ქვეშ დგება ეროვნულ/საზოგადოებრივი უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები.[17] ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია, წარადგინოს უარის წერილობითი დასაბუთება.[18] თუმცა, მეორე მხრივ, მიმდინარე აქტივობები განსაკუთრებულ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ვინაიდან მათი დასრულების შემდეგ მინიმალურია მიყენებული შესაძლო ზიანის აღმოფხვრის შანსი. შესაბამისად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს რეგლამენტით მინიჭებული ეს პრივილეგია უნდა ჩამოერთვათ.

ყველა აღნიშნული უწყება ვალდებულია, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში შეტანიდან 2 კვირის ვადაში ნდობის ჯგუფს გააცნოს უწყების სტრუქტურისა და  სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.[19] აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად სუს-მა ხუთჯერ, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ ერთხელ იმოქმედეს.[20]

შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან, გამოცხადდნენ ნდობის ჯგუფის სხდომაზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში.[21] კვლევის პერიოდში ყველა (სულ - 3) მოთხოვნა შესრულდა.[22]

პარლამენტის მიერ განსახილველი საკითხი, რომელიც ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიეკუთვნება, ამ უკანასკნელის დასკვნას საჭიროებს.[23] აღნიშნულის აუცილებლობა მხოლოდ ერთხელ დადგა, რა დროსაც პარლამენტმა რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედა.[24]

ნდობის ჯგუფი ვალდებულია, ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.[25] შესწავლილი პერიოდის განმავლობაში არცერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.[26]

ნდობის ჯგუფს ასევე არ გამოუყენებია ისეთი უფლებამოსილებები, როგორიცაა:[27]

- ვიზიტები თავის მანდატს დაქვემდებარებულ ორგანოებში,[28] მათ შორის, ოტს-ს შემოწმება (წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ).[29]

- უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად გასაიდუმლოებული ინფორმაციისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის წინადადების დაყენება.[30]

- თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებისთვის რეკომენდაციების წარდგენა.[31]

- ნდობის ჯგუფის გააქტიურება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კონტროლის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა შესაბამის უწყებებს წარუდგინოს რეკომენდაციები, განახორციელოს ვიზიტები და აამუშაოს მისთვის მინიჭებული სხვა მექანიზმები, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ამ უწყებების მხრიდან რეგლამენტის უგულებელყოფის შემთხვევებზე.

 

ანა ჯაბაური

პროექტის მოწვეული ექსპერტი

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.


[1] დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე.

[2]  საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 8 ოქტომბრის №1-17823/19 წერილი.

[3] საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სამუშაო გეგმა შეიმუშავა, 2019 წლის 26 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2zlbTvV, განახლებულია 12.04.2020.

[4] თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მოიაზრება შემდეგი უწყებები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (სპს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), საქართველოს დაზვერვის სამსახური (სდს), სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (ოტს). იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლი.

[5] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-11 პუნქტი.

[6] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[7] ოტს-ს გარდა.

[8] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-9 პუნქტი. ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა. იხ. იქვე.

[9]  წინამდებარე ტექსტის კვლევის პერიოდში 2019 წლის შემთხვევა არ ექცევა.

[10] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[11] იმ შემთხვევაში, როდესაც შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს. იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

[12] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[13] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

[14] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[15] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ეს ვალდებულება არ ვრცელდება ოტს-ზე. იხ. იქვე.

[16] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[17] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 159-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[18] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 159-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

[19] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-7 პუნქტი.

[20] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[21] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-10 ნაწილი.

[22] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[23] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-16 პუნქტი.

[24] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 მარტის №2-3600/20 წერილი.

[25] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-13 პუნქტი.

[26] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 23 აგვისტოს №1-15184/19; 2019 წლის 8 ოქტომბრის №1-17823/19 და 2019 წლის 3 დეკემბრის  №1-22196/19 წერილები.

[27] იქვე; პარლამენტიდან 4-ჯერ გამოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ მიღებულ არცერთ წერილში არ იკვეთება, რომ ნდობის ჯგუფმა ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებები გამოიყენა.

[28] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-11 პუნქტი.

[29] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-12 პუნქტი.

[30] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-14 პუნქტი.

[31] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-15 პუნქტი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge