კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილვის რეგულირებას.
 
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა დაკავშირებულია ბრალდებულის სტატუსთან, კერძოდ, ინტერესი არსებობს იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და ასევე პირს, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ზემოხსენებულ პირთან ერთად. 
 
კოალიცია აღნიშნულ ინიციატივას განიხილავს იმ კანონპროექტთან კავშირში, რომლის მომზადებაზეც ამჟამად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და რომელიც ახლებურად არეგულირებს ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმის პროცედურას. კერძოდ, ამ ინიციატივის მიხედვით, ბრალდებულს შეუძლია დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუმცა, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება სასამართლოს მხრიდან პირდაპირ არის დაკავშირებული პროკურორის პოზიციაზე. თუ პროკურორი არ დაეთანხმება ბრალდებულის შუამდგომლობას, მოსამართლე უარს იტყვის განჩინების დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ  შემოთავაზებულ კანონპროექტში, ბრალდებულის შუამდგომლობისაგან განსხვავებით, მითითებული არ არის პროკურორის პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, რაც მთლიანობაში იკითხება იმგვარად, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვაზე ბრალდებულის დასაბუთებული უარის მიუხედავად პროკურორის დასაბუთების გარეშე დაფიქსირებული უარი მაინც განაპირობებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. 
 
კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ორი კანონპროექტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში და იმ რისკების გათვალისწინებით უნდა იქნეს შეფასებული, რაც შეიძლება ამ საქმეთა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას უკავშირდებოდეს. იმ სისხლის სამართლის საქმეთა ნაწილის მიმართ, რომელშიც ბრალდებულნი არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, საზოგადოებრივი აზრი და დამოკიდებულება გარკვეულწილად უკვე შექმნილია. ამის გათვალისწინებით კი მივიჩნევთ, რომ ამ საქმეთა მიმართ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გავრცელება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს მართლმსაჯულების სათანადო ხარისხით განხორციელების მიმართულებით. ამ რისკებს დაზღვევის საშუალებად კი შეიძლება განხილულ იქნეს ბრალდებულის უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა მონაწილოებით საქმის განხილვაზე. 
 
ამასთან, კოალიაციას გაუმართლებლად მიაჩნია ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გავრცელება რთულ ეკონომიკურ დანაშაულებზე, როგორიცაა, მაგალითად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. კოალიციის მოსაზრებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოებას და მით უმეტეს სავალდებულოობის დაწესებას, უმჯობესი იქნება თუ საფუძვლად დაედება საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი, ხოლო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსგავსი ანალიზის გაკეთება მწირი პრაქტიკის გამო ფაქტიურად შეუძლებელია, სისხლის სამართლის კოდექსის ყველა  მუხლზე ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის განვრცობამ შესაძლებელია მართლმსაჯულების ინტერესები დააზარალოს.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი აზრის წინასწარ გავრცელებას სერიოზული მასშტაბები შეიძლება ჰქონდეს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი ვერ გახდება ბრალდებულის მიერ  უარის თქმის შეზღუდული უფლებამოსილების კომპენსირების საშუალება. აქედან გამომდინარე, კოალიციას მიაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომელშიც შედის ამჟამად მიმდინარე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეები, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გავრცელება მისაღები შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულს შეუნარჩუნდება უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით უარი თქვას თავის საქმეში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე. სხვა შემთხვევაში კოალიცია ხედავს რისკების ამ პირთა მიმართ მართლსაჯულების სათანადოდ განხორციელებასთან დაკავშირებით. 
 
დასასრულს, გამოვთქვამთ სურვილს აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობა ფართო დისკუსიის საგანი გახდეს და გამოვხატავთ მზადყოფნას მასში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge