კოალიცია თანასწორობისთვის სახელმწიფოს 17 მაისს შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს

კოალიცია თანასწორობისთვის სოლიდარობას უცხადებს ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილ შეკრებას და მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს ლგბტქი თემის წევრების, აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განუხრელად რეალიზება და მათი უსაფრთხოების, ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა

საქართველოში ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პრაქტიკულად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. 2012 და 2013 წელს კლერიკალური და რადიკალური ჯგუფების მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას. 2013 წელს მასობრივი და ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის შემდეგ, რომლის შეკავება სახელმწიფომ დემონსტრაციულად სუსტი და არაეფექტიანი უსაფრთხოების გეგმით ვერ უზრუნველყო, თემის წევრებისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, საჯარო შეკრების გამართვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ქალაქის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სივრცეები 17 მაისს კლერიკალურ ჯგუფებს აქვთ დაკავებული, სადაც ისინი აიდაჰო დღის საპირისპიროდ, ხელოვნურად დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

თემის წევრების სტრუქტურული ჩაგვრის პირობებში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის და საჯარო თვითრეპრეზენტაციის შეუძლებლობა თემს საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პროტესტის გამოხატვისა და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ამასთან, საჯარო სივრცეებიდან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა აზიანებს დემოკრატიული, პლურალური პოლიტიკური გარემოსა და სამართლიანი საზოგადოების განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმას ართულებს. მეტიც, მკვეთრად არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას.[1]

ლგბტქი თემის წევრებს, აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს სახელმწიფო მიმდინარე წელსაც უზღუდავს პოლიტიკურად მნიშვნელოვან სივრცეში – რუსთაველის გამზირზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილი სარგელობის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი აქტივისტებმა თბილისის მერიას პირველებმა მიმართეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრების გამართვის მოთხოვნით, სახელმწიფომ უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო, მითითებულ ტერიტორიაზე შეკრების გამართვა შეუძლებლად მიიჩნია. ამ მოცემულობაში ლგბტქი აქტივისტებს აიდაჰო შეკრების ჩატარება სხვა ადგილას - კანცელარიის შენობის წინ, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების შინაარსისა და ფორმის მკაცრი კონტროლის პირობებში უწევთ. შეკრება მკაცრი საპოლიციო კონტროლის ქვეშ, ხანმოკლე დროით (1 საათი) და დახურული  ღონისძიების ფორმით იმართება. 

მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ლგბტქი აქტივისტებისა და ორგანიზაციების კომუნიკაციის დროს თვალსაჩინო გახდა, რომ სახელმწიფში კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, უზურნველყოს ლგბტქი ჯგუფისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სრულყოფილი დაცვა. თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავ არ წარმოადგენს სახელმწიფოს პრიორიტეტს და მისი ინტერესი არსებითად ლგბტქი პირთა უფლებების მოჩვენებითი დაცვის ხაზგასმაა.

ამ მიმართებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ[2], რომელიც 2012 წლის 17 მაისს, აიდაჰო დღეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას ეხებოდა. საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „პლურალიზმი და დემოკრატია მრავალფეროვნების ჭეშმარიტ აღიარებასა და პატივისცემას ეფუძნება. განსხვავებული იდენტობის პირებისა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია აუცილებელია საზოგადოებრივი ერთობის მისაღწევად“. დემოკრატია ყოველთვის უბრალოდ უმრავლესობის უპირატესობას არ გულისხმობს: აუცილებელია ბალანსი, რომელიც უმცირესობისადმი სამართლიან და სათანადო მოპყრობას უზრუნველყოფს და ირიდებს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას.[3] ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შესაძლებელია გააღიზიანოს ან გაანაწყენოს ადამიანები, რომლებიც იმ იდეების ან განცხადებების წინააღმდეგ არიან განწყობილი, რომელთა ხელშეწყობასაც დემონსტრაცია ისახავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მონაწილეებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ოპონენტებისგან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშის გარეშე გამართონ დემონსტრაცია; ასეთ შიშს შეუძლია შეაკავოს გაერთიანებები ან საერთო იდეების და ინტერესების მხარდამჭერი სხვა ჯგუფები საზოგადოებაზე გავლენის მქონე ძალიან საკამათო საკითხებზე თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისგან. დემოკრატიაში კონტრდემონსტრაცია არ შეიძლება გადაიზარდოს დემონსტრაციის უფლების განხორციელების შეფერხებაში[4]. სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან აიცილოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გამოიყენოს ყველა საშუალება მისი იურისდიქციის ქვეშ მომხდარ ძალადობათა სიღრმისეულ გამოძიებაზე, მოახდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, მიმართოს  შესაბამის სადამსჯელო ღონისძიებებს და უზრუნველყოს მსხვერპლის მიერ განცდილი ზიანის ადეკვატური კომპენსაცია.[5] აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსულება ჯერ არ დასრულებულა  და საქართველოს მთავრობას მოუწევს ევროპის საბჭოს წინაშე დაასაბუთოს, თუ რამდენად ახერხებს ყველა გონივრული და ადეკვატური ღონისძიების განხორციელებას ლგბტქი პირების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების სრულყოფილად დასაცავად.  

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს უზურნველყოფს:

- 17 მაისს კანცელარიის შენობასთან ლგბტქი აქტივისტების, სათემო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილად განხორციელება და ამ მიზნით ეფექტიანი უსაფრთხოების გეგმის გამოყენება;

- აქციის დროს და შემდგომ პერიოდში ჰომო/ბი/ტრასფობიური დანაშაულების შესაძლო ესკალაციის რისკების სათანადო შეფასება და დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია.

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

- თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი საჯარო განცხადებების გავრცელება, რომელიც დაგმობს ლგბტქი ჯგუფის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ამ გზით ხელს შეუწყობს შესაძლო დანაშაულების პრევენციასა და დაუსჯელობის გარემოს აღმოფხვრას.

საქართველოს პარლამენტის წევრებს:

- თავი შეიკავონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ენის გამოყენებისგან და დაგმონ ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები.

კოალიცია თანასწორობისთვის აიდაჰო შეკრების დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს მონიტორინგს უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით. კოალიცია პროცესების განვითარების შესახებ შეფასებებს საზოგადოებას მომავალში გაუზიარებს.

ამასთან, კოალიცია 17 მაისის აიდაჰო აქციის მონაწილეებს სთავაზობს ცხელ ხაზს: 599 04 37 37, სადაც მათ შეუძლიათ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ შეტყობინება დატოვონ.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

კავშირი საფარი;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

იდენტობა;

კონსტიტუციის 42 მუხლი (Article 42).

 

 


[1] UN Doc. E/CN.4/1996/53, პარა. 32.

[2] ECtHR, იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73235/12,  2015 წლის 12 მაისი,

[3] ECtHR, Young, James and Webster v. the United Kingdom, 1981 წლის 13 აგვისტო, გვ. 25, § 63; Sørensen and Rasmussen v. Denmark [GC], № 52562/99 და 52620/99, პარა. 58, და Fáber v. Hungary, № 40721/08, პარა. 37-41, 2012 წლის 24 ივლისი

[4] Plattform “Ärzte für das Leben“, პარა. 32

[5] Velasquez-Rodriguez, (ser. C) No. 4, Judgment of 29 July 1988, პარა. 174


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge