კოალიცია "დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ყოველგვარ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას. "მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაინტერესდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რისთვისაც დასაკითხად დაბარებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამის პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება მოსამართლის თანაშემწის მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, არ ხდება საჯარო. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯაროდ განმარტოს ამ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების საფუძვლები, პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები და ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებები.საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს. 

კერძოდ, კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით". ამავე მუხლის მე-3 პუნქტი დასძენს, რომ ,,არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე",-განმარტავენ კოალიციაში.მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ყველა სუბიექტი ვალდებულია პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართალდამცავ ორგანოებს კი ეკისრებათ პასუხისმგებლობა აღკვეთონ ყოველგვარი ზეწოლა მოსამართლის საქმიანობაზე. "აღნიშნული კი უნდა განახორციელონ დროულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.

ამასთან, დაუშვებელია მოსამართლეს ანგარიში მოეთხოვოს მის მიერ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსამართლეთა ქმედებებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის აშკარა ნიშნებს (მაგალითად, ქრთამის აღება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვ.) შეიცავენ, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ვალდებულება დაიწყონ გამოძიება ასეთ ქმედებებთან დაკავშირებით. თუმცა, მათ, ამავე დროს, ეკისრებათ ვალდებულება საფრთხე არ შეუქმნან მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიებს. 
 
გამომდინარე აქედან, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ სათანადო პროფესიონალიზმით, სიფრთხილით და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. მოსამართლის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები უნდა გაკეთდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და, რაც მთავარია, კონკრეტულ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს სასამართლო სისტემის კონსტიტუციურ გარანტიებს", - ნათქვამი განცხადებაში.კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" აკვირდება სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ, როგორც პოლიტიკური სუბიექტები, ისე საჯარო უწყებები მაღალი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოეკიდებიან სასამართლოსთან დაკავშირებულ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge