ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციაზე ხელმომწერი მერობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ღია მმართველობის სფეროში მოქმედმმა ოთხმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ფონდი - „ღია საზოგადოება - საქართველო“, თბილისის მერობის კანდიდატებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მივმართეთ. 

12 სექტემბრამდე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის ხელმოწერის ვადა დღეს საღამოს, 3 ოქტომბერს იწურება. ამ მომენტისთვის დეკლარაციაზე ხელი მოწერილი აქვთ თბილისის მერობის შემდეგ კანდიდატებს:

1.    ალექსანდე ელისაშვილს

2.    ელენე ხოშტარიას

3.    კახა კალაძეს

4.    თენგიზ შერგელაშვილს

5.   გიორგი ვაშაძეს

6.   კახა კუკავას

7.   ირმა ინაშვილს

 

თბილისის მერობის კანდიდატებს დეკლარაციაზე ხელმოწერის შეთავაზება მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაეგზავნათ. დეკლარაციის ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, რომ ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები  სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭვირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების ოფიციალური მიწვევით შეუერთდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება და საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა.

2015-2016 წლებში საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები გახდნენ საქართველოს პარლამენტი და ქალაქ თბილისის მთავრობა. თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. მიმდინარე რეფორმების ნაწილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის, თბილისის ინტერაქციული რუკის, ელექტრონული პეტიციებისათვის ონლაინ პლატფორმების შექმნა და აშ. 

მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მოუწევს, რომ აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge