დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ სააღსრულებო ფურცელი წარედგინა

2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი ბარათაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა.

ამავდროულად, დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარა სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2013 წლის 24 დეკემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარედგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის აღდგენა არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ დამატებით რაიმე აქტის გამოცემასთან, 2013 წლის 24 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ჩაბარებისთანავე გიორგი ბარათაშვილი უნდა შეუდგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობების შესრულებას.  

2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მეორე შემთხვევა იყო. პირველად გიორგი ბარათაშვილი უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე თანამდებობიდან 2013 წლის 4 მარტს იქნა განთავისუფლებული, რაც ასევე უკანონოდ იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ. ამ დავაშიც გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა. 
 
გიორგი ბარათაშვილის სარჩელზე სასამართლოს მიერ 2013 წლის 20 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სხვა თვალსაზრისითაც: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლომ განმარტა, რომ ის ეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადანდობა და საბჭოს დოკუმენტების ხელმოწერა სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე ეწინააღმდეგება კანონს. ვფიქრობთ, სასამართლოს ეს განმარტება გასათვალისწინებელია სამეურვეო საბჭოსთვის, ვინაიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ თავიანთი უფლებამოსილებების გადანდობის სხვა შემთხვევების თაობაზეც.     
 
სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადასტურდა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება ორივე შემთხვევაში კანონდარღვევით მოხდა. ვიმედოვნებთ, რომ სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით აღარ მიიღებს კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge