“დამკვიდრებული პრაქტიკის“ სახელით

2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის საკრებულო, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩის #1 მდებარე 125 კვ.მ საცხოვრებელ ფართის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს. ზუსტად არ ვიცი ბათუმის მერიაში ამ საკითხზე ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა (შეიძლება საერთოდ არ უფიქრიათ), მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლითაც სახელმწიფომ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული 125 კვ.მ საცხოვრებელი ფართი უნდა მიიღოს უკვე შეტანილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში მოწყალე მთავრობა ამ ქონებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადასცემს.

აქ, ერთი ღრმად ამოოხვრითა და „ამათი საშველი არ არის“ თქმით შეიძლებოდა დაგვესრულებინა თხრობა, თუმცა საქმე ბევრად უფრო რთულად არის. რთულად არის იმიტომ, რომ ეს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელიც ყოველგვარი სათანადო რეგულაციების გარეშე დანერგა ყოფილმა ხელისუფლებამ და ახლა უკვე მოქმედმაც აიტაცა.

სინამდვილეში ამბავი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა ჰქვია საჩუქარია მთავრობის მხრიდან და არა უბრალოდ „დამკვიდრებული პრაქტიკა“, როგორც ამას თავად საკონსტიტუციო სასამართლო უწოდებს. საჩუქარია, რომელსაც იმ სასამართლოს მოსამართლე იღებს (ზოგმა უკვე მიიღო ან მომავალში მიიღებს), რომელმაც მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციების არ არსებობის პირობებში, თავად უნდა თქვას სახელმწიფოს მიერ ნაწყალობევი საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში მიღებაზე უარი.

ეს არის საჩუქარი, რომელსაც რეგულაციების არ არსებობის პირობებში,  საჩუქრის ფორმის, მდებარეობის, რეალური საბაზრო ფასის, კვადრატულობის თუ ხედის გათვალისწინებით ნამდვილად შეუძლია ჩრდილი მიაყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელს და საზოგადოების მხრიდან მისდამი ნდობას.

ეს არის საჩუქარი, რომელიც არავის დაუთვლია თუ რამდენი უღირს სინამდვილეში სახელმწიფოს და კიდევ რამდენი საცხოვრებელი ფართის გადაცემა დასჭირდება მომავალში საკუთრებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის.

ეს ის საჩუქარიც არის, რომლის წინაპირობასაც სინამდვილეში თვითმმართველობისათვის ქონების წართმევა წარმოდგენს და არა უსასყიდლოდ გადაცემა. იმ თვითმმართველობისათვის, რომელსაც უამრავი სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჰყავს რიგში და პრობლემებიც იმაზე ბევრად მეტი აქვს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის ბინით უზრუნველყოფაზე ფიქრი შეიძლება იყოს.

და საერთოდაც, ეს არის საჩუქარი, რომელიც რეგულაციების არ არსებობის პიროებში  არც ისე შორს დგას კორუფციისგან. შესაბამისად, ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ხელის მთავრობისაკენ გაშვერა და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ან კიდევ იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ მთავრობის გადასაწყვეტია თუ რა ფორმით გადასცემს მოსამართლეს საცხოვრებელ ფართს თავის მოტყუება. თავის მოტყუება, რომელიც შეიძლება ერთ დღესაც ძალიან ძვირი დაუჯდეს სასამართლო ხელისუფლებას და მთლიანად ქვეყანას.

სულხან სალაძე საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge